გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლოზ ალხაზაშვილის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდინარე ალაზანი სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
"სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე ალაზანმა გააკეთა მეანდრის ყელი და ახალი კალაპოტი შექმნა. შედეგად, ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვარი, რომელიც ძველ ტოპოგრაფიულ რუკებზე მდინარის კალაპოტის ღერძზე გადიოდა, გადაადგილებული აღმოჩნდა, ხოლო მდინარე ბელაქანჩაის კალაპოტი არხის მეშვეობით ალაზანს შეუერთეს. ნამეანდრალის ზედა ნაწილში აზერბაიჯანული სოფელი გაშენდა, ქვედა ნაწილში სოფელი ერისიმედი, რომელშიც აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები დაასახლეს".
ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლა აკრძალულია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო სოფელში შესვლამდე, დაახლოებით ერთ კილომეტრში დგას. სასაზღვრო კონტროლის გავლის ვალდებულება მხოლოდ სოფელში მუდმივად მაცხოვრებლებს არ ეხებათ.
"ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი ხანდახან პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, ფერმაა და იქ დავაბინავე", - ამბობს ერისიმედის მკვიდრი რესან ცეცხლაძე.
"დასახლებული პუნქტი რომ მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, ჩვენია, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ და მეზობელი აზერბაიჯანული სოფლის საქონელი ბალახობს. ახლოს ვერ მივდივართ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვემუქრებიან, დაგაკავებთო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით. როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით", - აცხადებს დათო მახარაძე.