თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, თინათინ ჯავახიშვილის თქმით, მოწვეულმა მასწავლებელმა ვლადი გორგიშელმა ასისტენტ-პროფესორ ვასილ ხიზანიშვილთან ერთად მას გადადგომის ულტიმატუმი წაუყენა. "გამომიცხადეს, ახალი ხელისუფლება მოვიდა და თქვენ უნდა გადადგეთ, ორი დღის ვადას გაძლევთო."
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრების კიდევ ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ რექტორს მათი ულტიმატუმი არ უნდა გაეხმაურებინა. "მითხრეს, რომ მათი მოთხოვნა არ უნდა გამეხმაურებინა. როცა ვუთხარი, რომ აუცილებლად გავახმაურებდი, დამემუქრნენ. 10 წუთში მოიწვიეს ტელევიზიები და დაარიგეს ინტერვიუები, რომ უნივერსიტეტში მძიმე და სამარცხვინო მდგომარეობაა",– აღნიშნავს ჯავახიშვილი.
"უნივერსიტეტში შექმნილი მძიმე და სამარცხვინო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალბატონ თინათინ ჯავახიშვილს, უნივერსიტეტის რექტორს წავუყენეთ მოთხოვნა მისი და მთელი ადმინისტრაციის გადადგომის შესახებ. რექტორი არ წამოვიდა ამ წინადადებაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში ველოდებით რომ ის მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაქციოთ ნამდვილ უნივერსიტეტად და დემოკრატიული პროცესების წარმართვის შესაძლებლობა მივცეთ," - განაცხადა ვასილ ხიზანიშვილმა უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე.