საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – წელიწადში 771 500-ის ნაცვლად 630 000 ლარი გადაერიცხება. სხვაობა 141 500 ლარია.
როგორც შიდა ქართლის გუბერნიის საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი მაია სამნიაშვილი აცხადებს, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელ მუხლს შეეხება ხარჯების შემცირება:
"შესაძლოა ეს შემცირება ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გათვალისწინებულ პრემიებს შეეხოს. წელიწადში პრემიებზე დაახლოებით 76 000 ლარი გვეხარჯებოდა. არ არის გამორციხული, დანარჩენი ხარჯების შემცირება "საქონლისა და მომსახურების" მუხლში მოხდეს. როგორც კი დოკუმენტს ოფიციალურად მოგვაწვდიან, ამის შემდეგ სრულად გვექნება დეტალური ინფორმაცია", - აცხადებს მაია სამნიაშვილი.
რაც შეეხება სახელფასო ფონდს, მისი შემცირება სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები სარგოებს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ოდენობით იღებენ. ამჟამად შიდა ქართლის გუბერნატორი სულხან სიბაშვილია.