ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე ზეწოლასა და გავლენის მოპოვების ღია მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც ქადაგიძემ ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამას საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ გუშინ გაკეთებული ის განცხადება ადასტურებს, რომლითაც მან ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხვედელობის შესრულების პროცესში საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
"მე, როგორც მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყოველთვის ვერიდებოდი მკვეთრი განცხადებების გაკეთებას და არასდროს გვიპასუხია ექსპერტების თუ რიგი პოლიტიკოსების დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ პასუხი არ გვქონდა, არამედ განპირობებული იყო იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ქვეყნის წინაშე გვაკისრია. თუმცა ამჯერად აუცილებლად მიგვაჩნია ვუპასუხოთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მან ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა. დავით საგანელიძემ სრულიად უარგუმენტოდ, ყოველგვარი დეტალების გარეშე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თავისი უმთავრესი ფუნქციის - საბანკო ზედამხედველობის შესრულების პროცესში საბოტაჟს ახდენს. ასეთი უაპელაციო ბრალდებები იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მთავარი გარანტია და რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციითა გარანტირებული, ჩვენ გვაძლევს მყარ საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ადგილი აქვს ეროვნულ ბანკზე ზეწოლის და გავლენის მოპოვების ღია და დაუფარავ მცდელობას", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის საბანკო სისიტემამ თავისი სიძლიერე და სტაბილურობა არაერთხელ დაადასტურა, რის გამო "ანტისაბანკო ისტერიის გაღვივების და სექტორის დისკრედიტაციის მიზნით უპასუხისმგებლო განცხადებებს წერტილი უნდა დაესვას".
"მინდა დავით საგანელიძეს მივმართო - განუმარტოს საზოგადოებას და მათ შორის მეც რას ეფუძნებოდა მისი ეს განცხადება და რაში გამოიხატება ასეთი მძიმე ბრალდება", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალ სამთავრობო გუნდთან თანამშრომლობის მზადყოფნა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს პარლამენტის ნებისმიერი ფრაქციის წინაშე წარსდგეს და დეპუტატებს ეროვნული ბანკის მაკროეკომონიკური და საზედამხედველო პოლიტიკის შესახებ მოახსენოს.