დარიალიჰესის მშენებელი კომპანია "დარიალი ენერჯი" ადასტურებს, რომ დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე ჰესის მშენებლობა გარემოზე ნეგატიურად იმოქმედებს. თუმცა, არ იზიარებს მოთხოვნას, რომ სასამართლომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გააუქმოს, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გამოიწვევს.
ყაზბეგის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მდინარე თერგზე 110 მეგავატი სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის ‐ 90%‐ის ‐ ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში მოქცევას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი.
"მწვანე ალტერნატივას" შეფასებით, პროექტის განხორციელების შედეგად, დარიალის ხეობის 8 კმ‐იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ‐ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი