იუნესკოს გაფრთხილების მიუხედავად, მცხეთის ძველ უბანში, სვეტიცხოველთან ახლოს მუნიციპალიტეტის ახალი, უცნაური ფორმის ადმინისტრაციულ შენობა ააგეს. შენობას, რომელსაც 4 მლნ ლარი მოხმარდა, მცხეთელებმა "ნოეს კიდობანი" შეარქვეს.
მცხეთა ქალაქ-მუზეუმად არის გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. იუნესკო სვეტიცხოველის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის არსებული ტერიტორიის განაშენიანებას ეწინააღმდეგება. იუნესკოს 36-ე სესიის წინასწარ დასკვნაში წერია: "2010 წელს, მისიამ, რომელიც იმყოფებოდა მცხეთაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სენსიტიურ ტერიტორიას, რომელიც არსებობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, სვეტიცხოველის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის. ეს ტერიტორია არ უნდა იყოს განაშენიანებული".
დასკვნის მიხედვით, ახალი შენობები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, ხოლო რესტავრირებულ ტაძრებს ავთენტურობა აქვს დაკარგული.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი