საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან

საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან

გაზის ტარიფის განახევრება არ მოხდება, პრემიერ-მინისტრის თქმით, "გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ." როგორ? ამაზე დღემდე არც პრემიერს, არც ენერგეტიკის და არც ფინანსთა მინისტრს განცხადება არ გაუკეთებიათ. არადა, როგორც ექსპერტები ამბობენ, მთავრობას იმის რესურსი, რომ მოსახლეობას სატარიფო ტვირთი შეუმსუბუქოს, ქვეყანას რეალურად გააჩნია და ეს ტარიფის სუბსიდირება ან თუნდაც საფეხურებრივი ტარიფის დაწესებაა. ასეთ ხერხს კი არა მარტო გაზის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები, არამედ სატრანზიტო ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა და ბელორუსიც მიმართავენ.

მეზობელი რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მეგობარი უკრაინა და ბელორუსი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ბუნებრივი აირის რეალური ღირებულება არცთუ დაბალია, თუმცა მოსახლეობას ეს ტვირთი ნაკლებად აწევს. რუსეთი და აზერბაიჯანი მწარმოებელ-ექსპორტიორი სახელმწიფოები არიან და მათი მოსახლეობა გაზს შეღავათიან ფასში იღებს. ბელორუსი და უკრაინა სატრანზიტო ქვეყნებია, მაგრამ აქაც ტარიფი სუბსიდირებულია. სომხეთში კი, რომელიც არც მწარმოებელია, არც სატრანზიტო, იქაც კი მოსახლეობა ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასებში იღებს.

გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა, სადაც ბუნებრივი აირის ორი მილი გადის და ორი ქვეყნის ტრანზიტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, გაზის ტარიფი არც სუბსიდირებულია და შეღავათებიც დღემდე არ მოქმედებს. არადა ექსპერტთა თქმით, ამის შესაძლებლობა ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ტარიფის სუბსიდირების სქემა

საქართველოში მოსახლეობა 1 კბ/მეტრ ბუნებრივ აირს 51 თეთრად ყიდულობს, იგივე რაოდენობის გაზში ბელორუსი მომხმარებლები 18-20 თეთრს იხდიან, უკრაინელები კი - 15-21 თეთრს. არც ერთ ზემოთჩამოთვლილ ქვეყენას საკუთარი გაზი არ აქვს, სამივე მის იმპორტს ეწევა და იმავდროულად, სამივე ქვეყანა გაზის ტრანზიტს ახორციელებს (უკრაინა-ბელორუსი-რუსული გაზის, საქართველო კი - რუსულთან ერთად აზერბაიჯანული აირის). თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი 2-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე უკრაინელისთვის ანდა ბელორუსისთვის.

უკრაინაში ტარიფის დადგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებრივი აირის მოხმარების ოდენობა. კერძოდ, ის აბონენტი, რომელიც წლიურად 2500 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, 1 კუბურ მეტრში სულ რაღაც 72,54 უკრაინულ კაპიკს, ანუ დაახლოებით 15 თეთრს იხდის. წლიური 6 ათასი კუბური მეტრამდე აირის მოხმარებისას კი აბონენტი 109,80 კაპიკს, დაახლოებით 21-22 თეთრს იხდის. მესამე საფეხურია წლიური 12 ათასამდე კუბური მეტრი გაზი, რაც აბონენტს 224,82 კაპიკი, დაახლოებით 45-46 თეთრი უჯდება. 12 ათას კუბური მეტრი გაზის მოხმარების შემთხვევაში კი აბონენტი 268,56 კაპიკს, დაახლოებით 55 თეთრს იხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა დღემდე გაზის სუბსიდირებას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სავალუტო ფონდი ოფიციალურ კიევს სუბსიდირების პროგრამის შეჩერებას უკვე წლებია ურჩევს, იანუკოვიჩის მთავრობა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ კიევი გაზის სუბსიდირების შეწყვეტას აპირებს, მაგრამ როდის და რა ფორმით, უცნობია. კიევში ამბობენ, რომ "საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ამით მოსახლეობა არ დაზარალდეს".

რაც შეეხება ბელორუსს, აქ არა მარტო გაზის ტარიფია სუბსიდირებული, არამედ მთლიანად საბინაო კომუნალური ხარჯების 79%-ის სუბსიდირებას ხელისუფლება ახდენს. მოსახლეობა კი მხოლოდ 21%-ს იხდის.

გაზის მწარმოებელი არ არის სომხეთი, იგი არც სატრანზიტო ქვეყანაა, თუმცა იქ მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი აირი 41-42 თეთრი ღირს. აქაც სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს და როგორც სიმხეთის ეონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ისინი "არმროსგაზპრომს" თანხას პერიოდულად უხდიან.

რაც შეეხება გაზის მწარმოებელ და ამასთან, ექსპორტიორ აზერბაიჯანს და რუსეთს, იქ ტარიფი შედარებით დაბალია. მაგალითად, რუსეთში გაზის ტარიფი წელიწადში ორჯერ იცვლება. 1-ლი იანვრიდან 30 ივნისამდე მომხმარებლები 1 კუბურ მეტრ გაზში 16-18 თეთრს იხდიან, 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე მოხმარებულ ბუნებრივ აირში კი - 23-25 თეთრს.

აზერბაიჯანში კი 1 კუბური მეტრი ბუნებივი აირი 13 ცენტი, დაახლოებით 21-22 თეთრი ღირს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ეს ფასი კიდევ შემცირდეს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და გაზის დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდება, მოსახლეობისთვის ტარიფი, შესაძლოა, კიდევ 20%-ით შემცირდეს.

ექსპერტების თქმით, ტარიფებს შორის ასეთი სხვაობა ორი მიზეზითაა განპირობებული, პირველი ის, რომ ჩვენთან ტარიფი გაბერილია, მეორე კი ის, რომ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში ტარიფი სუბსიდირებულია. უკრაინაც და ბელორუსიც რუსულ გაზს ყიდულობენ, მაგრამ იქ მომხმარებლებისთვის ტარიფი დაბალია, რადგან სახელმწიფო ამ სფეროს ან დოტაციას ახდენს ან კიდევ სუბსიდირებას.

შეღავათების დაწესების სქემა

ჯერ კიდევ არჩევნებამდე "ქართული ოცნება" მოსახლეობას კომუნალური ტარიფების, მათ შორის ბუნებრივი აირის გადასახადის განახევრებას პირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მთავრობას აღნიშნული დანაპირების შესრულება არ ძალუძს, რადგან ექსპორტიორებთან დადებული ხელშეკრულებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

რამდენიმე დღის წინათ პრემიერი "სოკარის" წარმომადგენლებსაც შეხვდა. ადვილი ასახსნელია, რატომ სტუმრობდა ბიძინა ივანიშვილი, ენერგეტიკისა და და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "სოკარის" გენარალურ დირექტორ როვნაგ აბდულაევს. თუმცა ამ შეხვედრის შედეგის ზედმეტად გადამეტებული მოლოდინი არ გამართლდა და საქართველოს პრემიერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ". ეს ცალსახად მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ "სოკარი" არც კი განიხილავს აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის ფასის შემცირებას.

ამ შეხვედრამდე "სოკარის" ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა, ამავე საკითხზე გააკეთა განმარტებები, რომ "საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯერ ეიფორიაშია და როგორც ჩანს, არ იცნობს მხარეებს შორის გაზის მიწოდების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას".

უკვე გასულ კვირას კი ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არ განახევრდება და რომ არჩევნებამდე მოსახლეობისთვის მიცემული პირობა ვერ შესრულდება.

გაზის ტარიფი რომ არ განახევრდება, ეს უკვე ცხადია, მაგრამ როგორ აპირებს ხელისუფლება ტარიფის შემცირების რესურსის ქვეყნის შიგნით მოძიებას, ამაზეც კონკრეტული პასუხი არც პრემიერს აქვს, არც ენერგეტიკისა და არც ფინანსთა სამინისტროს.

არადა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრობლემის გადაჭრა მთავრობას სულ მარტივად შეუძლია. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ხელისუფლებას ერთ ასეთ მარტივ სქემას სთავაზობს - თვეში 30 კუბური მეტრი მოხმარებული გაზის ფასი იყოს 25-26 თეთრი, 30 კუბურ მეტრზე მეტის შესყიდვა კი იმ ფასში მოხდეს, რაც დღესაა.

"რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და მთელ რიგ ქვეყნებში გაზის ტარიფის სუბსიდირება ხდება. მეორე საკითხია, რამდენად უნდა ხორციელდებოდეს ამგვარი ენერგოპოლიტიკა. ეს არის იმ მმართველ ძალაზე დამოკიდებული, რომელიც ქვეყნის სათავეშია. სუბსიდირება კარგია თუ ცუდი, ამის ცალსახად თქმა არ შეიძლება.

რაც შეეხება საქართველოს, მე ვთავაზობ ხელისუფლებას ასეთ სქემას: 30 კუბურ მეტრამდე მოხმარებული გაზის ფასი იყოს იმდენი, რამდენიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსა და დაპირდა მოსახლეობას - 25-26 თეთრი. 30 კუბური მეტრის ზემოთ კი ტარიფი იყოს იმდენი, რამდენიც დღესაა. პირველ რიგში, ეს იქნებოდა შეღავათი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, ხოლო მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა შეღავათს, ფაქტობრივად, ოდნავ იგრძნობდა, რადგან ის უფრო მეტ გაზს მოიხმარს.

ასეთი პროექტის ამოქმედების შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტს წელიწადში 18 მლნ ლარი დაუჯდებოდა, ოდნავ ნაკლები, ალბათ, რეგიონებში. ამ ფულის გამო არ ღირს მოსახლეობის იმ ნაწილის იმედგაცრუება, რომელმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და სამართლიანობას. სამართლიანობა კი არა მარტო პოლიტიკური ასპექტში, არამედ ეკონომიკურშიც უნდა განვიხილოთ.

პროგრამის ეფექტი იქნება ძალიან კარგი. ფინანსურ ინდიკატორებს უნდა შევხედოთ, ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ არა მარტო სამართლიან ფასს იხდიან ამა თუ იმ მომსახურებაში, არამედ ისინი არიან სოლიდარულნი იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც ქვეყანაშია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაფიქრება ღირს",- განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობას გაზის ტარიფის სუბსიდირება უპრობლემოდ შეუძლია, მთავარია, პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ მოსახლეობას ეს ტვირთი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს.

"ბიუჯეტი მოსახლეობის შენატანით ივსება, ამ დროს ხელისუფლებაც ვალდებულია, რომ მოსახლეობაზე იზრუნოს და მათ სოციალური მდგომარეობა ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს. გაზის ტარიფის სუბსიდირება ადვილად შასაძლებელია და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ზამთრის პერიოდში მაინც მიმართავს ასეთ ხერხს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამგვარ ხერხს საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო მიმართავს",- ამბობს ზვიად კანდელაკი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ