ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის "ნეტგაზეთთან" გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, რომელიც ფრანგულ გამოცემა "ფიგაროში" გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდებოდა. "ამ ფრაზას არასწორად აფრიალებდა ჩიორა თაქთაქიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი. გაჰქონდათ ეს ინფორმაციები ევროკავშირში, ევროსაბჭოში. გამომიყვანეს ქსენოფობი, ჰომოფობი, ეს არის სასაცილო", - ამბობდა "ნეტგაზეთთან" კობახიძე.
"ამან ეტყობა არ იცის, კიდევ რამდენი ფრაზის ფრიალს ვაპირებ", - წერს კობახიძის კომენტარის პასუხად ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
გუშინ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში დაიბეჭდა იზაბელ ლასერის სტატია "საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული შეცდომები". სტატიაში ავტორს მოჰყავს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ციტატა, რომელიც ის ამბობს, რომ ყველა მოქალაქის თანასწორობა მათთვის ძნელი მისაღებია, რადგან ეს მიუღებელია მართლმადიდებლური ეთიკისთვის.
მოგვიანებით ამ სტატიასთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ კომენტარი ინტერნეტ-გამოცემა "ნეტგაზეთთან" გააკეთა, სადაც ის აცხადებს, რომ ფრანგულ გაზეთ "ფიგაროსთვის" მას არც ინტერვიუ მიუცია და არც კომენტარი გაუკეთებია. მისი თქმით, ყველა უფლებას გამოიყენებს იმისათვის, რომ გაარკვიოს, თუ ვის დაჭირდა და ვის ინტერესში შედიოდა გაზეთის მეშვეობით ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
"მე მეეჭვება, რომ ეს ვიღაცის ინტერესში შედის, ჩემ ამ ფრაზას არასწორად აფრიალებდა ჩიორა თაქთაქიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი. გაჰქონდათ ეს ინფორმაციები ევროკავშირში, ევროსაბჭოში. გამომიყვანეს ქსენოფობი, ჰომოფობი, ეს არის სასაცილო, ვინც მიცნობს და რა საქმეებიც მიწარმოებია, ყველა აღიარებს, რომ მე მსგავსი მიდგომები არ მქონია და ვიყავი უფლებადამცველი და ყველაფერს ვუყურებ ამ თვალით", - განაცხადა კობახიძემ.
