ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი დანიიდან ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" რეორგანიზაციას ეხმაურება:
"ზარი დანიიდან!!!
ბიძინა ივანიშვილი: - "დავამყარებთ ისეთ დემოკრატიას - ევროპასაც
რომ გაუკვირდება"...
1. ნათია ლაზაშვილმა, თამარ რუხაძემ, ნანა ლეჟავამ და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, "რუსთავი 2" - სააკაშვილმა რომ სრულად დაიპყრო - მაშინ დატოვა.
2. ნათია ლაზაშვილმა, თამარ რუხაძემ, თეო გეგელიამ და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელმა, "მეცხრე არხზე" - რეორგანიზაცია რომ დაიწყო - მაშინ დატოვა.
ბატონო ბიძინა - დაამყარეთ, და დაიწყეთ "მეცხრე არხზე" შექმნილი სიტუაციით.
ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც თქვენს მთავრობას დღემდე (ერთი თვის თავზე) ჰქონია.
როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, პირადად მე - ჯერ კიდევ მაქვს იმედი და მჯერა, რომ თქვენ ღირსეულ ქმედებებს განახორციელებთ.
ასევე მაქვს იმედი, რომ ქართული ოცნების ლიდერები - ამ თვეების მანძილზე, მეცხრე არხს რომ იცავდნენ, ზუსტად ამ (და ბევრი სხვა) კონკრეტული პროფესიონალის დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპებს იცავდნენ და არა სიხშირეს საკაბელო არხზე. ველი მათ რეაგირებას - შექმნილ ვითარებაზე.
მეოთხე ხელისუფლების გარეშე - არ გამოვა - დემოკრატია.
პ.ს. შინაარსობრივი მოკითხვა მრჩევლებს მედიის საკითხებში.
პატივისცემით, საერთაშორისო ტელეაკადემიის, ბრიტანეთის სამეფო ტელეაკადემიის, ევრაზიული ტელე-რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი, ტელეაკადემიკოსი - კოკა ყანდიაშვილი", - წერს ყანდიაშვილი.
კოკა ყანდიაშვილი საკუთარ გვერდზე ფოტომონტაჟსაც აქვეყნებს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის, პალიკო კუბლაშვილისა და ნუგზარ წკრიალაშვილის ფოტოები ტუალეტის ქაღალდებზეა გამოსახული და მეგობრებს "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთიანი "ეროვნული იგნორის" გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
"მაინტერესებს თქვენი აზრი - ნაციონალებს ერთიანი ეროვნული იგნორი რომ გამოვუცხადოთ - არის ვინმე წინააღმდეგი? როგორი წინადადებაა?", - წერს კოკა ყანდიაშვილი.

