მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ჰაერთან ერთად მდინარე ნარეკვავიც დაბინძურებულია. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, მდინარის წყალში ქიმიური მაჩვენებლები დასაშვებ ნორმებს აღემატება, რაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორი გახდეს.
მდინარე ნარეკვავი არაგვში ჩაედინება, არაგვიდან კი სასმელი წყლით თბილისი მარაგდება.
"დაბინძურების ქიმიური მაჩვენებლებიდან დაფიქსირდა ფენოლების 3-ჯერ, ნავთობპროდუქტების 10-ჯერ მატება დასაშვებ ჰიგიენურ ნორმებთან, ასევე, პერმანგანატური ჟანგვადობა 2,4 -ჯერ და ჟანგბადის ქიმიური მოხმარება 1,4 -ჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. გარდა ამისა, აღინიშნა საფუარისა და ობის სოკოს დიდი რაოდენობა, რაც აგრეთვე წყლის სპეციფიკური დაბინძურების მაჩვენებელია," - აღნიშნულია დასკვნაში.
"ეს ჩამდინარე წყალია, არ იწმინდება და მისი მიღება ჯანმრთელობისთვის საშიშია. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევაა საჭირო, რომ დადგინდეს, რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს ეს ფაქტორი, რადგან ქიმიური ნივთიერების სხვადასხვა დოზით მატებამ შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ალერგიული," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა გულიკო დვალმა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი