ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე თანამდებობიდან გადადგა. მის შემცვლელ კანდიდატს – ივანე ოსაძეს კი საკრებულომ ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ივანე ოსაძე წარმოშობით ქარელის რაიონ სოფელ ფციდანაა. როგორც მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, საკრებულოს საკუთარი სურვილით მიმართა, რათა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აერჩიათ.
"ამ კუთხის შვილი ვარ და კარგად ვიცნობ, რა უჭირს და რა ულხინს ამ მხარეს. კარგად ვიცი ქარელის რესურსების და შესაძლებლობების შესახებ. საკადრო ცვლილებები ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა. თუმცა ეს არ მოხდება პოლიტიკური ნიშნით. გადავამოწმებ ყველას, ვის რა გაუკეთებია, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა", - აღნიშნა ივანე ოსაძემ.