გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით

გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით

გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება, ანუ მოსახლეობა, რომელიც ბუნებრივ აირს 50 თეთრად ყიდულობს მხოლოდ 5-თეთრიან შეღავათს მიიღებს. არადა, ენერგეტიკოსების გათვლებით, თუ იქნებოდა ხელისუფლების კეთილი ნება, გაზის ტარიფის მინიმუმ 10 თეთრით გაიაფება იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგეტიკის სამინისტროში ტარიფის მაქსიმუმ 3-თეთრამდე შემცირებას ვარაუდობენ.

გაზი - 5 თეთრით

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება.ეს გადაწყვეტილება შეეხება ყველა აბონენტს, მათაც, რომლებიც 2008 წელს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის მიერ გამოცხადებული დერეგულაციის გამო 1 კბ/მ გაზში 60-70 თეთრს იხდიან.

ექსპერტების განცხადებით, რომ ყოფილიყო გამოხატული პოლიტიკური ნება, გაზის ტარიფის 36-თეთრამდე შემცირებაც კი იყო შესაძლებელი. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო საბადო "შაჰ დენიზიდან" მიღებულ ტრანზიტის მოცულობას ვერ აკონტროლებს, შესაბამისად, თავის დროზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კონტროლის უფლება თავად აზერბაიჯანელებს მიანიჭეს.

"არ მინდა ამ საკითხზე ღიად საუბარი, მაგრამ ვადასტურებ, რომ არ სრულდება ის პირობები, რომელიც გაზსადენის მშენებლობისას ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული და რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. სახელმწიფო ტრანზიტით მისაღებ მოცულობებს თავად უნდა აკონტროლებდეს და ეს უფლება სხვისთვის არ უნდა გადაეცა. ენერგეტიკის სამინისტრომ და ენერგეტიკოსებმა კარგად იციან, რომ არა რაღაც ხვრელები, ბუნებრივი აირის ტარიფის 36-თეთრამდე შემცირებაც კი შესაძლებელია",- ამბობს "რეზონანსის" წყარო.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი რეზო არველაძე. მისი თქმით, გაზის ტარიფის 8-10 თეთრით შემცირება თავისუფლად არის შესაძლებელი. "ჩემი გაანგარიშებით, ტარიფის 10 თეთრამდე შემცირება თავისუფლად შესაძლებელია, ზოგი ამბობს, რომ ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი უფასო არ არის. ჩვენ ამ გაზში ფულს არ ვიხდით, გამომდინარე აქედან ჩვენთვის ეს არის უფასო. ბუნებრივია, სახელმწიფო კონკრეტული გათვლების საფუძველზე ამ გაზს ადებს ფასს და ანგარიშობს შეწონილ ტარიფს, თუმცა ეს არის ის რესურსი, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობას ბუნებრივი აირი უფრო დაბალი ტარიფით მიეწოდებოდეს",-ამბობს რეზო არველაძე.

დენი 3 თეთრი

ენერგეტიკის მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არა უმეტეს 4-თეთრით გაიაფდება. დაახლოებით ამას ადასტურებს მარიამ ვალიშვლიც. მისი თქმით, თავიდან ელექტროენერგიის ტარიფის 10%-ით შემცირება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ დამატებითი რესურსი გამოჩნდა. ამიტომაც, ელექტროენერგია 1,5 თეთრზე მეტად გაიაფდება.

"პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის 10%-ით შემცირება იგეგმებოდა, მაგრამ, სავააუდოდ, უფრო მეტად შემცირდება",-ამბობს მარიამ ვალიშვილი.

ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავჯდომარის, მირონ ფირცხელანის განცხადებით, ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით სიფხიზლეა საჭირო, რადგან ახალა ზამთარია, ანუ ენერგეტიკაში დეფიციტური პერიოდია. თუმცა ფირცხელანის თქმით, თუ მარეგულირებელი კომისია, "თელასი" და "ენერგო პრო" კეთილ ნებას გამოიჩენს, ტარიფების შემცირება 3-თეთრით შესაძლებელია.

რაც შეეხება გამანაწილებელი კომპანიების კეთილ ნებას. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე დღეა მოლაპარაკებებს მართავს "ინტერ რაოსთან" (და არა სემეკთან), რათა ხეთაგურის მიერ მემორანდუმში ჩადებული ტარიფები როგორმე შეცვალოს. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მთავრობამ "ინტერ რაოს" "ხრამჰესების" მიყიდვისას, სემეკის გვერდის ავლით, პირდაპირ მემორანდუმში ჩაუწერა, რომ ტარიფი 2025 წლამდე არ გადაიხედება.

ენერგეტიკის ექსპერტი გენო მესხია აღნიშნავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად გაიზარდა. ხელოვნური ზრდის მიზეზებია:

1. გადაფასების შედეგად ენერგოსექტორში ძირითადი ფონდების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა; 2. საამორტიზაციო დანარიცხების 2-3-ჯერ გაზრდა; 3. ენერგოსაწარმოებში გაწეული მომსახურეობის ღირებულების განსაზღვრა, როგორც ერთობლივი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების, გადასახადების და ფონდებზე წლიური 10-20%-იანი ამონაგების ჯამი. აღნიშნული ფონდამონაგების მეთოდს იყენებენ მაშინ, როცა ხორციელდება კაპიტალდაბანდების უკუგების დაჩქარება.

"ელექტროენერგიის ტრიფის ზრდამ გამოიწვია ყველა სახის პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების ზრდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის 1%-ით ზრდა იწვევს: სამომხმარებლო პროდუქტების ფასების 0,15 -0,17%-ით ზრდას: საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასების 0,3%-ით ზრდას. მაღალმა ტარიფებმა კიდევ უფრო კონკურენტუუნარო გახადა ისედაც ენერგოტევადი ეროვნული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე. განუკითხაობაზე დაფუძნებული სატარიფო პოლიტიკა კატეგორიულად მიუღებელია",-ამბობს გენო მესხია.

ექსპერტის განცხადებით, თუ ტარიფები შემცირდება, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული ტარიფების მოქნილი სისტემის შექმნა სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს.

"პირველ რიგში, უნდა დაჩქარდეს სეზონური (ზამთარი-ზაფხული) ტარიფების შემოღება. როგორც ცნობილია, ზამთარში საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტურია და დამოკიდებულია ენერგოშემცველების იმპორტზე, ზაფხულის თვეებში პროფიციტულია და ვერ ხერხდება დაახლოებით 600-800 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის ათვისება, ანუ ადგილი აქვს წყლის არამწარმოებლურ დაღვრას",-ამბობს მესხია.

მისი თქმით, ზაფხულში ელექტროენერგია, ძირითადად, გამომუშავდება ჰესებზე, ტარიფი თითქმის 2-2,5-ჯერ იაფია, ვიდრე ელექტროენერგიის ზამთრის საშუალოშეწონილ ტარიფთან შედარებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე დღე-ღამის განმავლობაში ენერგოსისტემის არათანაბარი დატვირთვის ფაქტორი. ზამთარში დღის პიკური დატვირთვა 4-ჯერ აჭარბებს ღამის დატვირთვას, ზაფხულში კი 2-ჯერ, შესაბამისად, ექსპერტის თქმით, მთავრობამ სეზონურ და დღე-ღამის ტარიფების დამკვიდრებაზეც უნდა იმუშაოს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ