კახელ ფერმერებს სომხური ყურძენი აკოტრებს

კახელ ფერმერებს სომხური ყურძენი აკოტრებს

კახელი ფერმერები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიზეზი სომხეთიდან ყურძნის იმპორტის გამარტივებული წესია. "32 ტონა სუფრის ყურძენი მაქვს მაცივარში. 55 000 ლარი კრედიტი მაქვს. იპოთეკით მაქვს დატვირთული სახლი, მანქანა, ყველაფერი, რაც გამაჩნია. 3 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სომხეთიდან ყურძნის იმპორტზე ნებართვა გასცა. სომხური ყურძენი ხარისხით უკეთესია, ჩვენი დაბალ ფასადაც აღარ იყიდება. მთელი კვირა ვიდექი ბაზარში, მაგრამ ვერ გავყიდე, 700-800 კილო ყურძენი გამიფუჭდა და გადავყარე", - აცხადებს კახელი ფერმერი მალხაზ ფურცელაძე. ფერმერები დახმარებას პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ.

კახეთში სპეციალურ მაცივრებში ამ დროისთვის 200 ტონამდე სუფრის ყურძენი, ე.წ "თითა" ინახება. ფერმერები ყურძენს სექტემბერში ყიდულობენ და მაშინ ყიდიან, როცა ბაზარზე ყურძნის დეფიციტია, თუმცა წელს ყურძნის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ. მათი თქმით, ქართული ყურძნის რეალიზაცია მას შემდეგ გართულდა, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სომხეთიდან ყურძნის იმპორტზე ნებართვა გასცა.

სომხური ყურძნისთვის ქართული ბაზარი 3 დეკემბრიდან გაიხსნა. "სახელმწიფომ შეცდომაში შეგვიყვანა, ყურძენი შეგვასყიდინა, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვისგან დაზიანებული იყო. 3-4 წელი გარანტია გვქონდა, რომ ბაზარზე სხვა ყურძენი არ შემოვიდოდა, სანამ ქართული არ გაიყიდებოდა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ნებართვა გაიცა და სომხეთიდან ყურძენი შემოვიდა. ხარისხით უკეთესია, რადგან სუფრის ყურძნის მოყვანის 30-40 წლიანი ტრადიციები აქვთ. აქ, სულ 3 წელია ეს საქმე დავიწყეთ, კრედიტები ავიღეთ, შენობები ავაშენეთ, რომ კუნკურენცია გავუწიოთ და წინ წავიდეთ. წინა ხელისუფლების დროს, სხვა ქვეყნიდან ყურძენი მაშინ შემოდიოდა, ქართული პროდუქციის რეალიზაცია რომ სრულდებოდა. გამოდის, რომ უნდა გადავყაროთ ეს ყურძენი, ღვინისთვის ეს არ ვარგა და არყისთვის. სომხური ყურძენი 3 ლარი ღირს, მე 2,50 ლარად ვყიდდი, სომხური რომ შემოვიდა, 2 ლარი დავადე, მაგრამ მაინც ვერ გავყიდე", - აღნიშნავს გურჯაანელი მალხაზ ფურცელაძე.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა