ყულევის ტერმინალის მუშაობა პარალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დილიდან გაფიცულ თანამშრომლებს შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მუშაობას აგრძელებდნენ. გაფიცულები ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, ხელფასების მომატებას და სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი 7 თანამშრომლის აღდგენას ითხოვენ.
გაფიცულების განცხადებით, მათი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს წერილობით მიმართეს ადმინისტრაციას, შეიქმნა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია და თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით წერილობით მიმართეს ადმინისტრაციას.
ყულევის ტერმინალის თანამშრომლების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა თუ ტერმინალის ადმინისტრაცია მათთან თანამშრომლობას არ დათანხმდება, გაფიცვა გაგრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.
გაფიცულებთან იმყოფება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, რომელიც მათ თანადგომას დაპირდა.