ხელფასების გადახდის მოთხოვნით, თელავში სამედიცინო ცენტრის 130 თანამშრომელი გაიფიცა. ექიმების განცხადებით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისთვის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხდია.
"ოქტომბრის თვიდან საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასი არ აგვიღია. მიუხედავად ამისა, სამსახურში მაინც დავდივართ და ხალხს ვემსახურებით. უკვე მესამე თვე დაიწყო და არ ვიცით ხელფასებს როდის ჩაგვირიცხავენ. ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებთ", - აცხადებს ექიმი ალექსანდრე ხუმარაშვილი.
თელავის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები "ალდაგი ბისიაის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებენ.