თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მათ უარი ეთქვათ "დარიალი ჰესის" მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობაზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, მოსამართლემ მათი საჩივარი იურიდიული საფუძვლის არქონის მიზეზით არ დააკმაყოფილა.
"უამრავი მასალა წარვადგინეთ სასამართლოზე, რაც ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს იძლეოდა. ფაქტია, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა, "ქართული ოცნების" დაპირება, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იქნებოდა, წინასარჩევნო ხრიკი აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებით, ყველა სხვა დესტრუქციულ პროექტს მწვანე შუქს უნთებენ. ძალიან ცუდია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო წინა ხელისუფლების ადვოკატად მოგვევლინა," - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი