კობა ხაბაზი: "უი, "ოცნება" წამომცდა. ეს არ უნდა მეთქვა"

კობა ხაბაზი: "უი, "ოცნება" წამომცდა. ეს არ უნდა მეთქვა"

"როგორი დატვირთული გრაფიკიც უნდა მქონდეს, არ არსებობს, დღე ისე დამთავრდეს, წიგნის წასაკითხავად ნახევარი საათი მაინც ვერ გამოვნახო, თუნდაც - ძილის წინ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი. ამჟამად, ოშოს "მდოგვის მარცვალს" ეცნობა. წაკითხულ წიგნებს ხელმეორედ ხშირად უბრუნდება. ჰერმან ჰესე ის ავტორია, რომლის ნაწარმოებებიც განსაკუთრებულად უყვარს.

პრეამბულის მაგიერ

- წიგნი მოგიპარავთ?

- დედა ბიბლიოთეკარი მყავს, მასთან ყოველი სტუმრობის დროს, საცავიდან წიგნები მომქონდა და უკან აღარ ვაბრუნებდი. მერე იმ წიგნებს დედა პოულობდა და მეჩხუბებოდა.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- მეგობრობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ საოცარ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ ქვენტინ კომპსონთან (უილიამ ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება"); ამ პერსონაჟს ვგავარ. შეიძლება ვინმემ ტრაბახად ჩამითვალოს.

- რით ჰგავხართ?

- ამა თუ იმ საკითხზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. სხვას ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცენ. სხვას ის არ უნდა გაუკეთო, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონ. ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას მინდია. ეს გმირი ჩემთვის ყველაფერია. მასთან საერთო განცდები მაკავშირებს. როცა ვუყურებ, როგორ ჭრიან ხეს, კლავენ ნადირს, მეც ისეთივე ემოცია მეუფლება, როგორიც მინდიას.

- არასდროს გინადირიათ?

- სანადიროდ ვყოფილვარ, მაგრამ ეს საჩემო საქმე არ არის. ცხოველის სიკვდილს ტელევიზიით რომ ვუყურებ, გული მიჩუყდება, მაგრამ გულჩვილი ადამიანი არ ვარ. მაჰათმა განდის აქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი: "ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო. მტერს იმიტომ კი არ უნდა ებრძოლო, რომ ის გძულს, ებრძოლე იმიტომ, რომ სამშობლო გიყვარს". მტრის სიძულვილი კი - არა, შენი ქვეყნის სიყვარული უნდა გამოძრავებდეს.

- მალე ახალი წელი დადგება. ამ დღესასწაულს როგორ ხვდებით?

- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, ხან მეგობრებთან ერთად ვხვდები, ხან - ოჯახის წევრებთან. ერთხელ მატარებელშიც შევხვდი, სინათლე გაითიშა და... დაუვიწყარი ახალი წელი იყო.

- ცნობილი ფრანგი მწერალი ფრანსუა მორიაკი წერდა: "იმდენად დიდია ჩემი სიყვარული მისდამი, რომ ფრიად მოხარული ვარ, მისი ორად გახდომის გამო". რის შესახებ წერდა ამას მორიაკი?

- კონკრეტულ ადამიანს გულისხმობდა?

- ერთ-ერთ ქვეყანას.

- ევროპულ ქვეყანას ხომ არა?

- დიახ.

- გერმანიის ორად გაყოფა ექნებოდა მხედველობაში.

- "დათვი ხეზე როგორ გავა, იავ-ნანინაო" - რომელი ლიტერატურული პერსონაჟის სახლის ფანჯარაზე ეწერა ეს სიტყვები?

- ქართველი მწერლის პერსონაჟია?

- დიახ, ის კახეთში ცხოვრობს.

- ძალიან მეცნობა და ვერ ვიხსენებ.

- ამ ნაწარმოებში მწერალი ამბობს: "ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუ გინდა - მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნებ გენიშნოს რამე".

- ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე, არა?

- გამოიცანით. ეს მდინარე თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიედინება. მას 300 შენაკადი აქვს და ევროპის დედამდინარეს უწოდებენ. დაასახელეთ, რომელ მდინარეზეა ლაპარაკი?

- დუნაი.

- თქვენ ნავით სეირნობა გიყვართ, დუნაიზეც ხომ არ გისეირნიათ?

- არა, მაგრამ დუნაი ნანახი მაქვს.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა". რომელი ცნობილი გერმანელი მომღერალი და მსახიობია ამ გამონათქვამის ავტორი?

- ვერ გეტყვით.

- მარლენ დიტრიხის. თქვენზე ჭორებს ხშირად ავრცელებენ?

- მგონი, ყველა ცნობილ ადამიანზე ჭორაობენ.

- ამ ზაფხულს პრესაში დაბეჭდილი ფოტოები გამახსენდა, რომელზეც თბილისის ზღვაზე თქვენი ეროტიკული "უიქენდი" იყო აღბეჭდილი.

- ვაღიარებ, ანგელოზი არ ვარ, მაგრამ მაშინ იმ ფოტოების გამოქვეყნება არასწორი იყო. ჩემს მეგობარს, გია კოპალეიშვილს საკრეისერო ნავი ჰყავს. მასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში საკრეისერო ნავებით რბოლაში ვმონაწილეობდი. 1-ელ ადგილზე გავედით. ფოტო ერთ-ერთი ვარჯიშის დროს არის გადაღებული. ზღვაზე რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, გასართობ თამაშებში მონაწილეობდნენ. ჩვენთან 2 გოგო მოვიდა და გვთხოვეს, გაგვესეირნებინა. ერთ-ერთს ნავზე გადმოძრომა გაუჭირდა, მე დავეხმარე და ამ დროს ფოტო გადაგვიღეს. ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს ის გოგონები. ხომ შეიძლებოდა, რომელიმეს ქმარი ან შეყვარებული ჰყოლოდა?

- სეიშელის კუნძულებზე დაგისვენიათ?

- არა.

- რომელ ოკეანეშია ხსენებული კუნძულები?

- ინდოეთის ოკეანეში.

- რა ჰქვია ბრაზილიის დედაქალაქს?

- ბრაზილია.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს, ეგრედ წოდებული, პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული" - გურამ დოჩანაშვილის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". ეს ნაწარმოები ძალიან მიყვარს.

- ღვინის სმასა და კითხვას შორის თავად რა საერთოს ხედავთ?

- სამწუხაროდ, ღვინოს ვერ ვსვამ და შედარება გამიჭირდება. 19 წელია ალკოჰოლზე ტოქსიკოზი მაქვს, ვიწამლები და საავადმყოფოში მიმაქანებენ. წიგნს რომ ვკითხულობ, იმ დროს ბედნიერი ვარ. გმირებთან ერთად "ვცხოვრობ", გმირებთან ერთად მიომია, ქვეყანა დამიცავს, საპყრობილეშიც ვყოფილვარ და ოკეანეც გადამილახავს. ქართულ სუფრასთან "ბოლო სტადიაში" რომ გადადიან, უნდათ ლაპარაკი, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობენ.

- "ბოლო სტადიაში" თავად არასდროს ყოფილხართ?

- როგორ არა. ახლა 2 ჭიქაზე მეტს ვერ ვსვამ, - თრობის პროცესს ვეღარ ვაღწევ. ომარ ხაიამი სულ არ სვამდა, ისე დაწერა "ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე"... გენიალურია.

- დაასრულეთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს, ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი, ყველაზე"...

- აზარტული თამაშისთვის.

- "...ყველაზე სახიფათო სათამაშო".

- ნიცშეს ბევრ რამეში არ ვეთანხმები. არც ქალია ჩემთვის სახიფათო სათამაშო. ჩემთვის იბსენის ზეადამიანის განსაზღვრება გაცილებით მისაღებია, ვიდრე ნიცშეს ზეადამიანი, რომელიც არ უნდა უყურებდეს ვარსკვლავებს და არ უნდა ოცნებობდეს (პაუზის შემდეგ)... უი! ოცნება წამომცდა (იცინის), ეს არ უნდა მეთქვა.

- "ნაციონალებს" ოცნება გეკრძალებათ?

- არა, არა.

- რას ნიშნავს სიტყვა "კოჰაბიტაცია"?

- ახლა კოჰაბიტაცია მოდაშია. არ ვიცი, ქართველებს ეს სენი რატომ გვჭირს. ერთი ვიღაც იტყვის უცხოურ სიტყვას და მერე მთელი საზოგადოება აიტაცებს. ამას ყოველთვის გავურბივარ. ხომ შეიძლება, დალოცვილი ქართულით თქვა, თანაცხოვრება, თანამშრომლობა, თანაარსებობა, რატომ ვლაპარაკობთ გაუგებრად?

- რა ჰქვია ჯანმრთელობის ქალღმერთს ძველბერძნულ მითოლოგიაში?

- ვერ ვიხსენებ.

- ჰიგია. რომელი მეფის შვილი იყო ლაშა-გიორგი?

- თამარის.

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- კითხვა ვერ გავიგე.

- დედალი ფრინველები გალობენ თუ მამლები?

- მამლები.

- რამდენი 9-იანია 100 000 000-1 სხვაობის ჩანაწერში?

- (ანგარიშობს) 8 გამოდის, არა?

- დიახ. სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს. კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?

- ზუსტად ვერ გეტყვით, შესაძლოა, - საცხოვრებელ ადგილს.

- მის საცხოვრებელ ადგილს რა ჰქვია?

- ბუდე.

- მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- კოცნაზე.

- უი! პირველად გავიგე.

- რა ჰქვია ესკიმოსების საცხოვრებელ ქოხს, რომელიც ყინულის აგურებითაა აშენებული?

- იგლუ.

- დაბოლოს, დაასრულეთ კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი გამონათქვამი: "უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ..."

- ცხოვრებაში.

- "...ამ წუთისოფელში".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს