ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია პროფკავშირებს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების მცდელობაში ადანაშაულებს

ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია პროფკავშირებს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების მცდელობაში ადანაშაულებს

ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე უარის თქმას უარყოფს და ორგანიზაციას სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტერმინალის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" პროფკავშირულ ორგანიზაციას პროფკომიტეტის არჩევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული პაკეტის წარდგენა სთხოვა, რითაც მხარის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლის ლეგიტიმურობა დადასტურდებოდა.

მათივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ მიიღეს, გაფიცულთა მხრიდან სხვადასხვა მოთხოვნები ისმის, რომელიც ხშირად იცვლება. "ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა და პროფკავშირული ორგანიზაციის დაპირებების მიუხედავად, ყულევის ადმინისტრაციას დღემდე არ აქვს მიღებული შესაბამისი იურიდიული დოკუმენტები. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოლაპარაკების რეჟიმში ყოფნისას დაპირებული დოკუმენტების მოწოდების ნაცვლად, გადმოგვეგზავნა შეტყობინება გაფიცვის შესახებ. აღნიშნული ქმედება გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს მოლაპარაკებებისგან თავის არიდების და სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების მცდელობას. შპს "შავი ზღვის ტერმინალის" ადმინისტრაცია (ყულევის ნავსადგური) კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს მზადყოფნას კანონის ფარგლებში საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაზე", - ნათქვამია ყულევის ტერმინალის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ყულევის ტერმინალის თანამშრომლები 21 დეკემბერს გაიფიცნენ. გაფიცულთა მოთხოვნებია - აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი 7 თანამშრომელი, გაფორმდეს ტერმინალის თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ