ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის მოსახლე ხშირად ჩივის, რომ პოლიტიკოსებმა არ იციან და არც აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ უბრალო ადამიანები, მაგრამ ეს ფაქტი არ აკვირვებს ურუგვაის მცხოვრებლებს. გაიცანით: ასკეტი და ვეგეტარიანელი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა. იგი დაძველებულ ფერმაში ცხოვრობს და თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს.

მისი სახლის წინ თოკზე სარეცხი შრება. ბალახით დაფარულ შუა ეზოში მდებარე ჭიდან მუხიკამ წყალი უნდა მოზიდოს, სახლს მხოლოდ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი სახელად ემანუელა დარაჯობენ. სწორედ ასე ცხოვრობს ხოსე მუხიკა - ურუგვაის პრეზიდენტი, რომლის ცხოვრების სტილიც საერთოდ არ ჰგავს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცხოვრებას.

ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო 1935 წლის 20 მაისს მონტევიდეოში დაიბადა. ურუგვაელმა პოლიტიკოსმა, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფართო ფრონტის კანდიდატმა, ხოსე ალბერტომ მეორე ტურში, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა, თავის ძირითად პრეტენდენტს აჯობა და ურუგვაის პრეზიდენტად აირჩიეს. ოფიციალურად საპრეზიდენტო საქმიანობას 2010 წლის 1 მარტს შეუდგა.

2005-დან 2008 წლამდე მუხიკა ურუგვაის სასაქონლე მეურნეობის, მიწათმოქმედებისა და მეთევზეობის მინისტრი იყო, შემდეგ - სენატორი.

2005 წელს მუხიკამ სენატში თავის კოლეგასა და სახალხო მონაწილეობის ისტორიულ ლიდერ ლუსი ტოპოლანსკიზე იქორწინა.

"მე ძალიან კარგად ვცხოვრობ"

პრეზიდენტმა უარი თქვა ოფიციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და თავის მშობლიურ ფერმაში დასახლდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობს. სახლისკენ ერთადერთი გრუნტის გზა მიდის. პრეზიდენტი და მისი ცოლი გასაყიდ ყვავილებს აშენებენ. დაქირავებული მუშები მათ არ ჰყავთ. არც დაცვისთვის ეხარჯება ბევრი ფული - მისი დაცვა ორი პოლიციელისგან შედგება. ცოლ-ქმრის სუფრა ასკეტურად გამოიყურება. მუხიკა ქველმოქმედებისთვის თავისი ხელფასის 90%-ს გასცემს. ხელფასი კი პრეზიდენტს არც ისე მცირე, თვეში 12 ათასი ამერიკული დოლარი აქვს.

მას მსოფლიოში ყველაზე ღარ­იბ პრეზიდენტს უწოდებენ. "მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ, - ამბობს მუხიკა. - ჩემს ბაღში ძველ სკამზე ვზივარ. სკამზე ძველი ბალიში დევს, რომელიც მანუელმა დაღრღნა: - მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს".

პრეზიდენტი ეხმარება მცირე ბიზნესს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ღარიბებს. ურუგვაის ყველა სახელმწიფო პირი ვალდებულია თავისი შემოსავლისა და პირადი ქონების დეკლარაცია წარმოადგინოს.

2010 წელს პრეზიდენტის ქონება წარმოადგენდა 1987 წელს გამოშვებულ 1800 დოლარად ღირებულ "ფოლკსვავენ" გოლფს.

ამ წელს მუხიკამ დეკლარაციაში მეუღლის ქონების ნახევარი შეიტანა - ეს არის მიწა, რამდენიმე ტრაქტორი და სახლი. შედეგად მისი ქონება 215 ათასი დოლარით გაიზარდა.

1960-1970 წლებში იგი მემარცხენე მოძრაობა "ტუპამაროსის" შემადგენლობაში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული.

ხოსე ექვსჯერ იყო დაჭრილი, 14 წელი ციხეში გაატარა. პატიმრობის დიდი ნაწილი სამარტოო კამერაში იყო გამოკეტილი. ციხიდან 1985 წელს გამოვიდა, როდესაც ურუგვაიში კვლავ გაიმარჯვა დემოკრატიამ. მისი თქმით, პატიმრობაში გატარებულმა წლებმა ცხოვრებაზე მისი შეხედულების ფორმირება მოახდინა. "მე ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მიწოდებენ, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ღარიბები არიან ისინი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სიმდიდრეში იცხოვრონ. მათ სულ უფრო და უფრო მეტი უნდათ".

"თუ თქვენ ცოტა ნივთი გაქვთ, მაშინ აზრი არ აქვს, მთელი ცხოვრება მონასავით იშრომოთ ამ ნივთების შესაძენად. შედეგად გამოგივათ, რომ ყველაზე დიდი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. შეიძლება, მე შეშლილ მოხუცს ვგავარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი, ეს თავისუფლების საკითხია".

მარიხუანის ლეგალიზაცია

პრეზიდენტი მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეა. ურუგვაის პრეზიდენტმა ამის შესახებ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ "დიდი ოცეულის" იუნესკოს სამიტზე განაცხადა.

მუხიკას მარიხუანის ლეგალიზების გარდა, "ბალახებით" ვაჭრობის სახელმწიფო მონოპოლიის შემოღება სურს.

"მარხიუანის მოხმარება არც ისე ცუდია, - მიიჩნევს ურუგვაის პრეზიდენტი, - ნამდვილი პრობლემა ნარკოტიკებით ვაჭრობაა".

შეეძლო პრეზიდენტის რეზიდენციაში ეცხოვრა

"მთელი დღე მყარ განვითარებაზე ვლაპარაკობდით, იმაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს. მაგრამ ჩვენ რაზე ვფიქრობთ? ნუთუ ჩვენ გვინდა მდიდარი ქვეყნების ცხოვრებისა და მოთხოვნილებების დონეს მივაღწიოთ? მე თქვენ გეკითხებით: რა დაემართება ჩვენს პლანეტას, თუკი ინდიელების ყველა ოჯახს ეყოლება იმდენივე მანქანა, რამდენიც გერმანიაში ჰყავთ? მაშინ რამდენი ჟანგბადი დარჩება დედამიწაზე? არის ჩვენს დედამიწაზე საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ შვიდმა თუ რვა მილიარდმა ადამიანმა ისე უთავბოლოდ ვანიავოთ ყველაფერი, როგორც ამას მდიდარი ქვეყნები აკეთებენ? სწორედ ასეთი ჰიპერმოხმარება აზიანებს ჩვენს პლანეტას", - განაცხადა ურუგვაის ლიდერმა ერთ-ერთ სამიტზე.

ხოსე მუხიკა უმეტეს პოლიტიკურ ლიდერს იმაში ადანაშაულებს, რომ "ისინი მოხმარების ხარჯზე ეკონომიკის ზრდის იდეით არიან შეპყრობილები, თითქოს ამის გარეშე ქვეყნის დასასრული მოვა".

როგორც უნდა გამოირჩეოდეს ურუგვაის ვეგეტარიანელი პრეზიდენტი სხვა ლიდერებისგან, იგი პოლიტიკოსად რჩება.

"მუხიკა თავისი ცხოვრების სტილის გამო ბევრს მოსწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აკრიტიკებენ მისი მმართველობის პოლიტიკას", - ამბობს ერთ-ერთი ურუგვაელი სოციოლოგი.

ურუგვაის ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდამ გავლენა არ იქონია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. პირველად პრეზიდენტის რეიტინგი 50%-ზე დაბლა დაეცა. მას აკრიტიკებენ სხვა გადაწყვეტილებების გამოც. ურუგვაის კონგრესმა მიიღო კანონი - 12 კვირის ფეხმძიმის აბორტის ლეგალიზებაზე, თავისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მუხიკამ კანონს ვეტო არ დაადო.

მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებს შორის პოპულარობის დაკარგვაზე ხოსე ალბერტო არ უნდა ნერვიულობდეს. ურუგვაის კანონი პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არ ითვალისწინებს. ამასთან, იგი უკვე 77 წლისაა და 2014 წელს ავტომატურად გადადგება. ამის შემდეგ ის მიიღებს პენსიას და სხვა ყოფილი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, არ მოუწევს მკვეთრად დაცემულ შემოსავალთან შეგუება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს