არაგვის ხეობაში, თეთრი და შავი არაგვის შესართავთან მდებარე სოფელ ცხვედიეთში ერთადერთი ოჯახი დარჩა. მართა ამირიძე მეუღლესთან, თენგიზ აფციაურთან ერთად მარტო ცხოვრობს ცხვედიეთში. ზამთარში აქ სტუმარი კი არა, შემთხვევითი მონადირეც იშვიათად თუ გაივლის.
ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, აგერ უკვე ხუთი წელია, ამ ოჯახს არ აქვს სინათლე. ასაკოვან ცოლ-ქმარს ლამფის შუქზე გაჰყავთ საღამოები ტელეფონისა და ტელევიზორის გარეშე. უინფორმაციოდ დარჩენილნი ჯაფაში ცდილობენ ზამთრის ცივი დღეების გატანას.
ფასანაურიდან სოფლამდე სულ ოთხი კილომეტრია, მაგრამ...
"რა მანქანით ხართ? ნივით? მაშინ ავალთ. არ იქნება პრობლემა",- გვეუბნება დავით წიკლაური, რომელიც თავად არაგვის პირას, ქორუღში ცხოვრობს და ჩვენს მეგზურობას კისრულობს მშობლიური სოფლისკენ. დავითს ეცინება კიდეც, როცა ორ ადგილას სახელდახელოდ შეკოწიწებულ ხიდზე გადასვლის ნაცვლად მდინარეში გასვლას გვთავაზობს. ეს ხიდები თოვლიან-ყინულიან ამინდში ადრენალმოჭარბებული ექსტრემალისთვის თუ იქნება მომხიბლავი, თორემ ჩვეულებრივი მგზავრისთვის მდინარეში გავლა გაცილებით უსაფრთხოა.
რამდენიმე წლის წინ უცებ მოდიდებულმა ცხვედიეთისხევმა ისედაც ვიწრო გზა წალეკა და ახლა ამ მოკლე გზის გავლა ნამდვილი ოდესეაა.
გზად ელექტროგადამცემი მავთულები ჩაწყვეტილია, ბოძები - წაქცეული. ამის გამოა, ელექტროენერგია რომ არ აქვთ ცხვედიეთელებს.
დავით წიკლაურის განმარტებით, ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენას რამდენიმეკაციანი ბრიგადა და მაქსიმუმ ხუთი დღე დასჭირდება, მაგრამ ქორუღის გამრიცხველიანებისაც არ იყოს, არ დაადგა საშველი ამ საქმეს.