კომისიამ, რომელიც აბაშის საკრებულოში გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს განიხილავს, 3 იანვარს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელა და არჩევანი ერთ-ერთ კანდიდატზე - გოჩა ჭანტურიაზე გააკეთა, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ვინ არის და საიდან მოვიდა გოჩა ჭანტურია, აბაშელებისთვის უცნობია. როგორც ისინი ამბობენ, ჭანტურია მეუფე პეტრეს რეკომენდაციით დანიშნავენ და ის საკმაოდ დაახლოებული პირია ახალაიების კლანთან.
კომისიის სხდომაზე კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი რუხაძის სარეკომენდაციო წერილი გამოაგზავნა, რომელიც არც კი წაუკითხავთ. კომისიის თავმჯდომარემ, დავით კაჭარავამ სიცილით მოისროლა წერილი. უფრო მეტიც, კაჭარავამ სხდომაზე მყოფ პირებს უთხრა, რომ "ეს მაკულატურა არაფერში სჭირდებოდა". "ბიძინა სკაიპში დამელაპარაკოს და ისე მითხრას, რა უნდა", - დასძინა კაჭარავამ.
მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ექსცესების გარეშე მომდინარეობდა, საკრებულომ პოლიცია გამოიძახა.
აბაშელები შერჩეული კანდიდატურის გამო კომისიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.