სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარამდე შემცირდა

სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარამდე შემცირდა

საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადეგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე განხორციელდა და 1-ელი იანვრიდან არის ძალაში.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას შესაძლებელია სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს სხვა ცვლილებებიც. კერძოდ, დეკლარაციის დაგვიანების წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 50 ლარით.

სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი დაჯარიმდება ნაცვლად 1000 ლარისა, 500 ლარით. საურავის ოდენობა 0,07 %-დან შემცირდა 0,06 %-მდე. საქონლის წარდგენის დეკლარირების ვადა ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარი 1 500 ლარის ნაცვლად ჯარიმა განისაზღვრა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად - 50 ლარი.

კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლება, დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, მიენიჭა სასამართლოსაც.

ბიჯუეტისთვის ზიანის მიყენების გამო კთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლების გამოყენება არ იზღუდება. დამატებით დაზუსტდა ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე.

საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება მოხდება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მიიღებს საქართველოს მთავრობა. ასევე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა და გახდა 3 წელი. მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, განისაზღვრა კანონით.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად შესაძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა, იპოთეკით დატვირთვა. 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვალა და გადასახადის წყაროსთან დაიბეგრა 2006 და 2007 წლის საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები. ხოლო, რაც შეეხება 2008 - 2009 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, გადანაწილდა და ანაზღაურებულად ჩაითვალა 2013-2015 წლებში და თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლების ვადა 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის. იმპორტს 2013 წლის 1 ივნისამდე გაუგრძელდა ვადა.

"შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრირებას საგადასახადო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების საფუძველზე განაგრძობს. ცვლილებები ძირითადად ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის განხორციელდა. მივმართავთ გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა, ჯარიმების და სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ: განვაგრძობთ სამართლიან, ეფექტურ და აქტიურ საგადასახადო ადმინისტრირებას. არ არსებობს არც ერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს. ჩვენ გვაქვს მკაცრი მონიტორინგი ჩვენი სამსახურის ქმედებებზე და, შესაბამისად, განვიხილავთ თითოეულ საჩივარს და გამოვრიცხავთ გადასახადების გადამხდელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ღონისძიებებს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები სალარო აპარატის მომსახურებისთვის წელიწადში ორჯერ გადაიხდიან 30 ლარს, წინასწარ 60 ლარის ნაცვლად. გაძლიერდა კონტრაბანდასთან ბრძოლა, თითქმის გაორმაგდა საბაჟო საზღვარზე გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა (სექტემბერი-ოქტომბერი 298 სამართალდარღვევა, ნოემბერი-დეკემბერი - 518 სამართალდარღვევა).

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ