შედევრებად ქცეული სიზმრები

შედევრებად ქცეული სიზმრები

დიმიტრი მენდელეევის სიზმარი

ამბობენ, თითქოს დიმიტრი მენდელეევს სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა. მეცნიერი ქიმიური ელემენტების შესახებ მსოფლიო ცოდნის ერთ სისტემაში მოქცევას ცდილობდა.

ბოლოს პროფესორმა რამდენიმე წუთით თვალის მოტყუება გადაწყვიტა, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და მენდელეევმა სიზმრების სამყაროში ხანგრძლივი 17 საათი დაყო. სიზმრად ელემენტების პერიოდულობის ცხრილი იხილა და ამ სიზმარმა ქიმიური მეცნიერების განვითარება სამუდამოდ შეცვალა.

მენდელეევმა გაიღვიძა, ძილში ნანახი ცხრილი ქაღალდის ნაგლეჯზე ჩაიწერა და თვლემა განაგრძო. მის მიერ სიზმარში ნანახი ცხრილი მხოლოდ ერთ ადგილზე ჩასწორდა...

პოლ მაკარტნის სიზმარი

22 წლის ასაკში ლივერპულელი ჯეიმს პოლ მაკარტნი ჯერ არც სერის ტიტულს ატარებდა და არც მულტიმილიონერი იყო, მაგრამ სიზმრად ნახა, უფრო სწორად, ლამაზი მელოდია ჩაესმა და დაიმახსოვრა.

გამოღვიძებული მუსიკოსი ჯერ ტუალეტში შევიდა, მერე სამზარეულოში ერბოკვერცხი შეიწვა, შეექცა. შემდეგ ფორტე­პიანოს მიუჯდა და... ასე დაიბადა ცნო­ბილი "Yesterday".

მერი შელის სიზმარი

ერთხელ მერი მეუღლესთან, პერსი ბიშისთან და კიდევ ერთ ლიტერატორთან, ლორდ ბაირონთან ერთად დახვეწილი საუბრით იყო გართული, როდესაც ამ უკანასკნელმა ერთგვარი ფანტასტიკური ლიტერატურული შეჯიბრების მოწყობა შესთავაზა.

მწერლებმა კალმები მოიმარჯვეს და წერას შეუდგნენ, მაგრამ მერი შელის საინტერესო არაფერი გამოსდიოდა.

ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ თხზულება დილით, საღ გონებაზე დაეწერა და დაიძინა. სიზმრად ცოტა არ იყოს შეშლილი მეცნიერი იხილა, რომელმაც რაღაც ნაწილებისგან საძაგელი ფანტომი ააწყო.

არსება მძლავრი ძრავის მეშვეობით გაცოცხლდა. მერი მაშინვე მიხვდა, რომ ის, რამაც მას შიშისგან თავზარი დასცა, სხვებსაც არანაკლებ შეაშინებდა.

ასე დაიბადა საყოველთაოდ ცნობილი წიგნი ფრანკენშტაინისა და მის მიერ შექმნილი მონსტრის შესახებ. მოგვიანებით კი წიგნის მიხედვით არაერთი ფილმი და რიმეიკი გადაიღეს...

რობერტ სტივენსონის სიზმარი

შოტლანდიელ რობერტ სტივენსონსაც ლონდონელი მერი შელის მსგავსი პრობლემა, შემოქმედებითი უძრაობა აწუხებდა: სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა, სტრიქონებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. იცოდა, რა უნდოდა, მაგრამ იდეის ხორცშესხმას ვერ ახერხებდა. მას ორმაგი ცხოვრების მქონე ადამიანის ამბის შეთხზვა ჰქონდა ჩაფიქრებული.

სტივენსონმა ორ დღეს იწვალა, შემდეგ კი სიზმარში იხილა, თითქოს ერთ საძაგელ დამნაშავეს დასაჭერად მისდევდნენ, მან კი რაღაც ფხვნილი მიიღო და წესიერ ადამიანად გადაიქცა. ასე ჩაისახა დიდი მწერლის სიზმარში რომანის - "დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი" - სიუჟეტი.

ნაწარმოები 1886 წელს გამოქვეყნდა და მოგვიანებით მისი 60-მდე ეკრანიზაცია განხორციელდა. სწავლული მაქციის შესახებ გადაღებული შავ-თეთრი დრამა კინემატოგრაფის ისტორიაში საშინელებათა ჟანრის პირველი ფილმი იყო, რომელმაც "ოსკარი" დაიმსახურა.

სტეფანი მაიერის სიზმარი

ამერიკელმა სტეფანი მორგან მაიერმა, სინამდვილეში ჩვეულებრივმა მდაბიომ, მსოფლიო ლიტერატურული აღიარება გოგონასა და ვამპირის სიყვარულისადმი მიძღვნილი რომანის, "ბინდის" სერიებით მოიპოვა და რამდენიმე ჩემოდანი ფული იშოვა. გგონიათ, რომანები ასე პირდაპირ შეთხზა?

ქალბატონმა მაიერმა ნაწარმოების სიუჟეტი სიზმრად იხილა და 2009 წელს ამის შესახებ ოპრა უინფრის ღია ეთერში მოუთხრო. მწერალმა სიზმარში მზით განათებულ მდელოზე წყვილი იხილა, რომლებიც ერთმანეთით ტკბებოდნენ. ერთი მათგანი, საოცრად მიმზიდველი მამრი, სისხლისმწოველი, მეორე კი ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი ჩვეულებრივი გოგონა იყო. ვამპირი გოგონასთვის იმის ახსნას ცდილობდა, თუ რამდენად უყვარდა იგი და როგორ ძლიერ სურდა მისი მოკვლა.

გამოფხიზლებულმა დიასახლისმა სიზმარი უბის წიგნაკში ჩაიწერა, რადგან ეს ამბავი მისი მოსაწყენი ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

მოგვიანებით სიზმრის სიუჟეტი გრაფომანიაკალურად გადაიზარდა დიდ "საგაში", რომელშიც ვამპირებს არც ნიორი აშინებთ და არც ნაკურთხი წყალი, მაქციები კი მხოლოდ ინდიელთა ტომების წიაღში იბადებიან.

ჯეიმს კემერონის სიზმარი

ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი ჯეიმს კემერონი ევროპაში გადაღებებზე ყოფნის დროს ავად გახდა. როდესაც ტემპერატურა 38,8 გრადუსს ასცდა, რეჟისორი ლოგინში ჩაწვა.

ციებ-ცხელებით გამოწვეული ბოდვის დროს ჯეიმსს ადამიანის მსგავსი, რობოტივით მოძრავი წითელთვალება კიბორგი გამოეცხადა, რომელსაც ხელში დანა ეკავა და ქალწულის მოკვლა სურდა.

ფანტაზიორ ჯეიმს კემერონს, ზო­გადად, უყვარს ტრაბახი იმის შესახებ, რომ შემოქმედებითი იდეების უმეტესობა, მათ შორის "ავატარის" ჩანაფიქრი, სიზმრიდან მოდის.

სტივენ კინგის სიზმარი

როგორც ამბობენ, ნიჭიერმა ამერიკელმა გრაფომანმა ფენომენურ საშინელებათა უმეტესობა ალკოჰოლისა და კოკაინის ზემოქმედების ქვეშ შექმნა.

ამ თვალსაზრისით, რომანი "მიზერი" გამონაკლისი აღმოჩნდა. თავად სტივენ ედვინ კინგის მონათხრობი გვამცნობს, რომ ერთხელ, თვითმფრინავით მგზავრობის დროს, მწერალს ჩასთვლიმა და ცოდვილი დედამიწიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე იხილა სიზმარი ქალის შესახებ, რომელიც მამრობითი სქესის ლიტერატორ მძევალს კლავს, გვამს ანაწევრებს, ხორცით ღორებს კვებავს, კანზე კი მსხვერპლის დაუმთავრებელი რომანის წერას ასრულებს.

მოგვიანებით სიუჟეტი ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ მწერალი ამბობს, რომ წიგნის 80% შთაგონების წყაროდ ქცეული თვითმფრინავის დედამიწაზე დაშვებიდან სულ მცირე ხანში დაწერა.

ელიას ჰოუს სიზმარი

მექანიკოსი ელიას ჰოუ ყველაფერზე მეტად საკერავი მანქანის გამოგონებაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერაფრით მოიფიქრა, როგორ შეიძლებოდა აემუშავებინა ტრადიციული ნემსი, რომელსაც ძაფის გასაყრელი ბლაგვ ბოლოზე ჰქონდა. თავში არც ერთი გენიალური აზრი არ მოსდიოდა, ვიდრე...

...ვიდრე ერთხელ ტვინის ნერვულ დაბოლოებებში მყარად ჩამჯდარი პრობლემით შეპრობილმა არ დაიძინა. დაესიზმრა, თითქოს სადღაც, ცხრა მთას იქით მდებარე ქვეყნის ველური ტომის მეფემ შეიპყრო და მისი უდიდებულესობისთვის საკერავი მოწყობილობის შექმნა აიძულა. იცოდე, ამერიკელო, რომ ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთ დღე-ღამეს გაძლევ და თუ საოცარ მანქანას არ შექმნი, შენს თავს დააბრალეო.

საბრალო მექანიკოსმა მთელ დღე-ღამეს ამაოდ იცოდვილა. გამთენიისას მეომრებმა მოაკითხეს, რათა დასასჯელად წაეყვანათ და, ჰოი საოცრებავ! ბატონმა გამომგონებელმა "სასწაული" იხილა - ველურთა შუბების მახვილი ბოლოები რატომღაც გახვრეტილი იყო. ელიასს გონება გაუნათდა და ველურებს შეევედრა, დავალების შესასრულებლად ცოტა დრო კიდევ მიეცათ. ამ ხვეწნა-მუდარის დროს გამოეღვიძა - გამთენიის 4 საათი იყო. საჩქაროდ ჩაიცვა, სახელოსნოს მიაშურა და დილის 9 საათზე უკვე მზად ჰქონდა საკერავი მანქანის მოდელი, რომლის ნემსსაც ძაფის გასაყრელი ნახვრეტი მახვილ ბოლოზე ჰქონდა. ეს ამბავი 1844 წელს მოხდა... ის კი სულ სხვა ისტორიაა, რა ბრძოლის გადატანა მოუხდა ჰოუს ზინგერთან საავტორო უფლებისთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს