როლანდ გილიგაშვილი, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იუსტიციის მინისტრი და "მოქალაქეთა კავშირის" ერთ–ერთი ლიდერი იყო კახეთის გუბერნატორობის კანდიდატად განიხილება. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრთან არაოფიციალურ საუბარში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერმა დაადასტურა.
როლანდ გილიგაშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად. 1983-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიონის პროკურორად. 1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 1987-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1999-2001 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2001 - 2003 წლებში როლანდ გილიგაშვილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
როლანდ გილიგაშვილის ძმა ლექსო გილიგაშვილი წლების განმავლობაში გურჯაანის პოლიციის უფროსი იყო. 15 წლის ია ქიტიაშვილის გაუჩინარების საქმე ერთ–ერთია, რომელსაც ლექსო გილიგაშვილის სახელს უკავშირებენ.