უფლებადამცველი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტს ეხმაურება. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს დაემატება მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები.
"ასეთ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, პირდაპირი ნიშანია იმ პოლიტიკური დევნის "გაპრავებისა“, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება იყენებს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ! ეს ხომ მკვლელობის ჩვეულებრივი საქმეები არ არის, სადაც ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ წინასწარი ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელსაც ისინი განიხილავენ და არც წინასწარი განწყობები აქვთ ჩამოყალიბებული? 70% -იანი ნდობის მქონე გუნდი ამბობს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა საქმეები სასამართლო განხილვის დროს? 70%-იანი ნდობის ფონზე, ამ ხალხიდან, ანუ 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8-9 კაცი ოცნების მხარდამჭერი გამოვა. ამ ვითარებაში, რამდენად შესაძლებელია ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა, ამას ალბათ ყველა ვხვდებით. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მიზანმიმართულ უაპელაციო და ცილისმწამებლურ კამპანიას ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ და ამით ხელოვნურად საზოგადოებრივი აზრის მათ წინააღმდეგ ჩამოყალიბების ხელშეწყობას",-წერს თუთბერიძე.
იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.
პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
