საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდება.
როგორც ჩატაევის ადვოკატმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე წინასწარი გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხული სამივე მესაზღვრე დაიკითხა. მათ განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავების დროს არანაირი იარაღი თან არ ჰქონია და მის წინააღმდეგ ჩვენებები შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ზეწოლის შედეგად მისცეს. სასამართლო პროცესზე მესაზღვრეების დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ჯაბა გურგენიძემ მოსამართლეს ახმედ ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.