ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი იანვრიდან შემცირდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.
"ეს აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე. როგორც კახი კალაძემ განაცხადა, მან მოისმინა განცხადება, თითქოს ტარიფის კლება მოხდებოდა კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებების ხარჯზე. მინისტრის განმარტებით, ეს არის სიცრუე.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.