ელექტროენერგიის ტარიფი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ გაიზრდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ხელახლა გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ტარიფებთან დაკავშირებით ენერგოკომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმის ვადაში სამი თვის ნაცვლად მომავალი რამდენიმე წელია მითითებული.
სამინისტროს ცნობით, კომპანია "თელასთან" და "ენერგო-პრო"-სთან გაფორმებული დროებითი მემორანდუმები, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 0-დან 300 კვ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კატეგორია აბონენტების 90%-ს მოიცავს.
შესაბამისად, კომპანია "თელასის" აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101კვ –მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 13,48 თეთრის ნაცვლად 9,94 თეთრი იქნება.
მათთვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერგიეს მოიხმარს, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის ფასი 16 თეთრის ნაცვლად 12,46 თეთრი გახდება. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირდება და 17,70 თეთრი რჩება.
კომპანია "ენერგოპროს" აბონენტებისათვის, რომლებიც 0-დან 101კვ –მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 12,98 თეთრის ნაცვლად 9,44 თეთრით განისაზღვრა.
მათთვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერგიეს მოიხმარს 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 16,52 თეთრის ნაცვლად 12,98 თეთრით განისაზღვრა.
301 კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და განისაზღვრება 17,50 თეთრით.
რაც შეეხება კახეთის ენერგოდისტრიბუციას, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლის შედეგადაც მოხდება ტარიფების სუბსიდირება და მათი გატოლება კომპანია "ენერგოპროს" ტარიფებთან.
"ტარიფის მარჟის გაანგარიშების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიგვეგნო ისეთი დაკლების ფორმულისთვის, რომელიც არ იქნებოდა კონტრპროდუქტიული საქართველოს ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის; მისაღები იქნებოდა მოსახლეობისთვის და რეალურ შეღავათს მისცემდა მათ; კომპანიებისთვის არ იქნებოდა დამანგრეველი; არ გამოიწვევდა ხარჯვის ნახტომისებურ ზრდას და ასევე იქნებოდა თანაბარი ყველა რეგიონში",-აცხადებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე.