აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მისი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავების მონახულების ტრადიციის დანერგვის ინიციატივით გამოვიდა და მისი გახორციელებაც დაიწყო.
Facebook- ში საბჭოს ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია და საფლავებზე მისული დეპუტატების ამსახველი ფოტომასალა უკვე გამოქვეყნდა.
"12 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ინიციატივით, დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავებზე მათი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მივიდნენ. აჭარისწყლიდან ხუცუბნამდე 12 საფლავზე სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს. რამდენიმე საფლავზე, დიდთოვლობის გამო, მისვლა ვერ მოხერხდა და თანამებრძოლებისთვის პატივგება გაზაფხულისათვის გადაიდო. ცხოვრებიდან ადრე წასული იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასი სალოცავი, ხოლო თავისუფლება მთავარი ღირებულება იყო, ამგვარი ფორმით ამიერიდან ტრადიციად დამკვიდრდება" - ნათქვამია Facebook - ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.