გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე

გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე

ამბავი ედემის ბაღიდან

"გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: "მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?" ქალმა გველს მიუგო: "ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო". ამაზე, გველმა ქალს მიუგო: "არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით, სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით".

...საზიზღარი, საძულველი, უხსენებელი, ცბიერი, ბოროტი სული, ადამიანთა დამღუპველი - შორს წაგვიყვანდა იმ ეპითეტებისა და მეტაფორების ჩამოთვლა, რომლითაც გველს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ერთი ნაწილი მოიხსენიებს. ზოგისთვის კი იგი სიბრძნის, იდუმალების, გრაციოზულობის სიმბოლოდ ითვლება.

"ღმერთმა გველს უთხრა: "რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის, მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის. შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ".

გველი, როგორც ავი სული და ბნელეთის გამოვლინება, ბიბლიის კიდევ არაერთ ეპიზოდშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეწარმავალი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე ბოროტების სიმბოლოდ იყო აღქმული. მას შემდეგ მრავალმა საუკუნემ ჩაიარა და ამ ცივსისხლიანი არსებების მიმართ ადამის შთამომავლობის ინტერესი ოდნავადაც არ განელებულა. გველს ასევე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია აღმოსავლურ რელიგიებსა და ფილოსოფიურ მოძღვრებებში, ამერიკელი ინდიელების ფოლკლორსა და ტოტემიზმში, აფრიკულ ვუდუს კულტსა თუ ევროპულ მისტიციზმსა და ოკულტიზმში. მისდამი დამოკიდებულებები კი დედამიწის ამა თუ იმ კუთხეში, მკვეთრად განსხვავდება ერთიმეორისგან. შემთხვევითი არ არის, რომ არწივთან ერთად, გველი ჰყავს ამორჩეული უახლოეს მეგობრად ნიცშესეულ ზარატუსტრას, ქართულ რეალობაში კი ამ ქვეწარმავლის ფაქტორს თავის შემოქმედებაში ვაჟა-ფშაველაც იყენებს.

გველისადმი გულგრილნი ვერ რჩებოდნენ ვერც ერთი ეპოქისა და საზოგადოების წარმომადგენლები. იგი პლანეტის თვით იმ ტერიტორიების მკვიდრთა მითებსა თუ ლეგენდებშიც გვხვდება, სადაც უმნიშვნელო რაოდენობითაა გავრცელებული ან სულაც არ ბინადრობს. საუკუნეებმა და სხვადასხვა კულტურამ გველების შესახებ ჩვენს ცნობიერებას არაერთი სტერეოტიპი, ცრურწმენა და ფობია ჩაუნერგა, რომელთაგანაც ზოგიერთი ისეა შერწყმული რეალობასთან, რომ ხშირად გვიჭირს იმის დადგენა, თუ სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება სიცრუე.

უკიდურებო ცივსისხლიანები მოქმედებაში - აქ და ამჟამად

დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, დედამიწაზე 2500-ზე მეტი სახეობის გველი ბინადრობს. ისინი გვხვდებიან თითქმის ყველგან, ანტარქტიდის, არქტიკის, სხვა უკიდურესად ცივი ტერიტორიებისა და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გარდა (მაგალითად, ახალ ზელანდიაზე გველები არ ბინადრობენ). ამასთან, პლანეტაზე გავრცელებული გველების მხოლოდ 500-მდე სახეობაა შხამიანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის. გველების ყველა წარმომადგენელი მტაცებელია. მსხვერპლს ისინი მთლიანად ყლაპავენ. სახეობის, საბინადრო პირობებისა თუ ზომის შესაბამისად, ცვალებადია მათი კვების რაციონიც.

გველები ყველგან გვხვდებიან: ჯუნგლებსა და სავანებში, უდაბნოებსა და ნახევრადუდაბნოებში, ტაიგებში, მთებში, ტრამალებზე, ტუნდრებში და თვით ოკეანეების ტროპიკულ ნაწილშიც. ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი სწორედ ზღვის გველებს აქვთ, რომლებსაც ტოქსიკურობის მიხედვით ტოლს არ უდებენ ავსტრალიაში გავრცელებული ასპიტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სახეობებიც. საერთოდ, ავსტრალია კონტინენტებს შორის შხამიანი სახეობების კონცენტრაციის მიხედვით პირველ ადგილზეა, თანაც ადამიანისთვის ყოველი მათგანი სახიფათოა.

წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შხამიანი გველების მიერ ასეულ ათასობით ადამიანი იკბინება. ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე მოდის. სიკვდილიანობის სიმრავლითაც სწორედ ეს ქვეყნები გამოირჩევიან.

სიტყვა "გველის" წარმოთქმისას, პირველ რიგში მისი, უდავოდ ყველაზე პოპულარული სახეობა - კობრა გვახსენდება. პლანეტის მოსახლეობისთვის ყველაზე მეტად ცნობილი ინდური კობრა ანუ სათვალიანი გველია. ასევე საინტერესოა ე.წ. კობრა-სნაიპერი, რომელსაც საფრთხის შემთხვევაში თავდამსხმელისთვის რამდენიმე მეტრის მანძილიდან სახეში და ძირითადად - თვალებში შხამის შეფრქვევის უნარი აქვს. ამიტომ, მასთან ურთიერთობისას სერპენტოლოგები ხშირად სპეციალურ დამცავ სათვალეს იყენებენ. ყველაზე შთამბეჭდავი კი სამეფო კობრაა, რომელიც დედამიწაზე გავრცელებულ შხამიან გველებში ზომის მიხედვით, რეკორდსმენია. ზრდასრული ეგზემპლარი შესაძლოა, სიგრძით 5 მეტრს აჭარბებდეს. მოგეხსენებათ, არაერთი სახეობის გველს, მიწის ზედაპირიდან სხეულის გარკვეული ნაწილის (ძირითადად საერთო სიგრძის 1/3-ის) წამოწევის უნარი აქვს. გამონაკლისი არც სამეფო კობრაა, რომელსაც გაღიზიანების შემთხვევაში საშუალო სიმაღლის ადამიანის მკერდის დონეზე შეუძლია თავის აწევა. ამ მდგომარეობაში ყოფნისას მისი გამყინავი მზერა მომნუსხველად და შემაძრწუნებლად მოქმედებს არა მარტო ადამიანზე, არამედ ჯუნგლების ნებისმიერ, დიდსა თუ პატარა ბინადარზე. თვითმხილველების თქმით, სამეფო კობრას ერიდებიან და გზას უთმობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფაუნის თვით ისეთი წარმომადგენლებიც, როგორებიც სპილო და ვეფხვია. ნადირთა ამგვარი სიფრთხილე სრულიად ბუნებრივია, რადგან ეს გველი კიდევ ერთ კომპონენტშია რეკორდსმენი - კბენის დროს ყველაზე მეტ შხამს გამოჰყოფს, რაც სავსებით საკმარისია, იმ ქვეყნად ერთბაშად ოცამდე ადამიანის გასასტუმრებლად. ამას დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ "მეფე" ჩინებულად გრძნობს თავს წყალში და ხეზეც უნაკლოდ დაძვრება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას სპილოზე მსხდომი ადამიანები, სწორედ ხიდან დაუგესლავს. იგი განსაკუთრებულად საშიში გამრავლების პერიოდშია, როდესაც კვერცხებს იცავს. სხვა შემთხვევაში კი, ადამიანთან შეხვედრას გაურბის და მიმალვას ამჯობინებს. მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს პირქუში მტაცებელი ქვეწარმავლებისთვის უჩვეულო ინტელექტითაც გამოირჩევა.

სისწრაფეში რეკორდსმენის ტიტული აფრიკაში გავრცელებულ შავ მამბას ეკუთვნის. ამ მეტისმეტად შხამიან გველს მიწის ზედაპირზე 20 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ამავე დროს, ის ძალიან აგრესიულია და კარგად დაცოცავს ხეზე. მამბას ნაკბენის შედეგად ადამიანი შეიძლება ნახევარ საათში გარდაიცვალოს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სპეციალისტები მასთან კონტაქტისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ.

გველები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან არა მარტო ცხოვრების ნირით, სხეულის შეფერილობითა და ფორმებით, არამედ ზომებითაც. კონტრასტი ამ შემთხვევაში ნამდვილად თვალში საცემია. მაშინ, როდესაც გველბრუცასებრთა ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძე 10-12 სმ-ს არ სცდება, მახრჩობელასებრთა ოჯახის გველები გიგანტურ ზომებს აღწევენ. ამ თვალსაზრისით, პირველობისთვის სამხრეთ ამერიკის ნოტიო ეკვატორული ტყეების ბინადარი ანაკონდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ბადისებრი პითონი "იბრძვიან". თითოეულის სხეულის სიგრძე შეიძლება 10 მეტრს აჭარბებდეს. მხედველობაში მივიღოთ ის, რომ ანაკონდა მრისხანე იაგუარს უმკლავდება, ხოლო პითონს თავის სამფლობელოში, არანაკლებ შეუპოვარი ლეოპარდის დამარცხება შეუძლია და წარმოვიდგინოთ, თუ რა კოლოსალური ძალის მქონენი არიან ეს გველები.

რაკი "გველთა სამყაროს" ზოგიერთი გამორჩეული სახეობა ვახსენეთ, თავს ნუ ავარიდებთ საქართველოში გავრცელებულ ქვეწარმავლებსაც. საბჭოთა ეპოქის დროინდელი მონაცემებით ჩვენს ტერიტორიაზე 20 სახეობის გველი ბინადრობს, თუმცა დღევანდელი კლასიფიკაციით მათი რიცხვი 24-მდეა. მათგან მხოლოდ რამდენიმე სახეობაა შხამიანი, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს, გიურზას ნაკბენი წარმოადგენს.

რა იმალება სიცრუის მიღმა?

ახლა კი იმ ცრუ შეხედულებებზე მოგახსენებთ, რომლებიც უჩვეულოდ მძლავრადაა გამჯდარი თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაშიც კი.

მცდარია მოსაზრება, თითქოს გველს ძალიან უყვარს მუსიკა. სინამდვილეში, იგი სმენის უნარს პრაქტიკულად მოკლებულია. ამ სტერეოტიპის დამკვიდრებას უდავოდ შეუწყო ხელი ინდოელი ფაკირების საქმიანობამ, რომლებიც თავიანთი ეროვნული საკრავის ჰანგებზე, თითქოს აცეკვებენ "მოთვინიერებულ" კობრებს. სინამდვილეში კი გაღიზიანებული ქვეწარმავლები "მომთვინიერებლის" მოძრაობას ჰყვებიან. ამ დროს თავად ფაკირები ოსტატურად ინარჩუნებენ გველთან საჭირო დისტანციას, რათა ეს უკანასკნელი არც დამშვიდდეს და არც თავს დაესხას მათ. ამასთან, ხშირად გველებს შხამიან კბილებს კვეთენ.

შეუძლებელია გველის გაწვრთნა და მოთვინიერება იმ გაგებით, როგორც ეს ძაღლის ან თუნდაც ლომებისა და ვეფხვების შემთხვევაში ხდება. ამიტომ, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული მოსაზრება, თითქოს სადღაც, ოდესღაც, გველმა ვინმე შეგნებულად განსაცდელს გადაარჩინა.

მცდარია მოსაზრება, თითქოს გველი დაგესვლას ენით ახორციელებს. მსხვერპლს ან თავდამსხმელს ქვეწარმავალი ზედა ყბაზე არსებული შხამიანი კბილებით კბენს, ხოლო ენა მისთვის ქიმიური შეგრძნების (ასეა განსაზღვრული მეცნიერების მიერ) ორგანოს წარმოადგენს.

მცდარია საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში (განსაკუთრებით კი რეგიონებში) დამკვიდრებული შეხედულება, რომლის თანახმადაც გველი წყალში ჩასვლის წინ ქვაზე შხამს ტოვებს, რასაც ამოსვლისას ისევ იღებს, ხოლო თუ ვინმემ ის ქვა გადაუგდო, თავს მოიკლავს. შხამი გველის არაერთი სახეობისთვის თვითგადარჩენის უმთავრესი იარაღია, ამიტომ მისი სადმე დატოვება ან შენახვა, გამორიცხულია.

გველები რძით არ იკვებებიან, ამიტომ წარმოუდგენელია ამ საშუალებით მისი მოშინაურება და "კეთილგანწყობის" მოპოვება.

გველებთან დაკავშირებული თემატიკით ერთობ გაჯერებულია ესა თუ ის რელიგია, მისტიკური მოძღვრება და მაგიური სწავლება. საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ამ გარემოებას დღესაც იყენებენ, ხოლო ხშირად თავიანთი მიმდევრების უმეცრებით სარგებლობენ და ბუნებრივ მოვლენებს საკუთარ ახსნას უძებნიან.

ირლანდიაში გველები არ ბინადრობენ. თავად ირლანდიელების დიდი ნაწილი ამას წმ. პატრიკის (ამ წმინდანს მათთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ვთქვათ, ქართველთათვის წმ. გიორგის) სასწაულით ხსნის. იგი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიაში დაბრუნებულა, ყველა გველი ერთ-ერთ მთაზე შეუყრია და მათთვის ზღვაში გადავარდნა უბრძანებია. ერთი მათგანის გარდა, ყველა ქვეწარმავალი წმინდანის სურვილის შესაბამისად მოქცეულა. ამ, ყველაზე ხნიერ გველთან კი წმ. პატრიკს ორთაბრძოლა გაუმართავს და საბოლოოდ, ეშმაკობით დაუჯაბნია. წმინდანს გველისთვის უთქვამს - ამ ყუთში ვერ მოთავსდებიო. ცივსისხლიანს მოწინააღმდეგის მოსაზრების უარსაყოფად ბევრი აღარ უფიქრია და ყუთში თავისი ნებით ჩამძვრალა. ამის შემდეგ წმ. პატრიკს ისღა დარჩენოდა, ყუთი გველიანად ზღვაში გადაეგდო.

რაც შეეხება ირლანდიაში გველების არარსებობის მეცნიერულ ახსნას, იგი შემდეგში მდგომარეობს: თავდაპირველად ეს ტერიტორია გველებისთვის კლიმატურად უსარგებლო ადგილს წარმოადგენდა, ხოლო, როდესაც ამ მხრივ ხელსაყრელი გახდა, დანარჩენი კონტინენტებიდან უკვე ზღვით იყო გამოყოფილი.

ერთობ უჩვეულოდ იქცევიან ჯორჯიის შტატის ქალაქ კინგსტონში მდებარე ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც სარწმუნოებრივ რიტუალებს, ადგილობრივი შხამიანი ჩხრიალა გველებით ხელში ატარებენ. ამ უცნაურ ტრადიციას 1909 წლის ზაფხულში ტენესის შტატში სასულიერო მოღვაწე - ჯორჯ ველენგებიმ დაუდო სათავე. მარკოზის სახარების მისეული ინტერპრეტაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭეშმარიტი მორწმუნეები შხამს შესვამენ, უფლის დახმარებით მოწამვლისაგან განიკურნებიან. სამწუხაროდ, ამ პრინციპით, ლოცვისას ქვეწარმავლებმა უკვე მრავალი მორწმუნე დაგესლეს. ადგილი ჰქონდა გარდაცვალების ფაქტებსაც.

ათასობით მნახველი აკითხავს მალაიზიის კუნძულ პინანგზე მდებარე გველების ტაძარს. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილზე ადრე მარტოხელა მორწმუნე ყოფილა დასახლებული, რომელიც ყოველთვის დიდი სტუმართმოყვარეობით უმასპინძლდებოდა შხამიან ქვეწარმავლებს. მას შემდეგ, რაც განდეგილი გარდაიცვალა, გველებს მაინც არ დაუტოვებიათ ადგილი, ხოლო როდესაც იქ ტაძარი ააგეს, ისინი მის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. უფრო მეტიც, გველები დამთვალიერებლებსა და მორწმუნეებს მათთან ერთად ფოტოგრაფირების საშუალებასაც აძლევენ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათ უმრავლესობას შხამიანი ჯირკვლები ამოკვეთილი აქვს.

არანაკლებ "უცნაურად" იქცევიან საბერძნეთის კუთვნილ კუნძულ კეფალონიის (იონიის ზღვა) აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოს წარმომადგენელი სასულიერო პირები. გადმოცემის მიხედვით, ამავე ადგილზე ადრე წმ. მარიამის მიძინების დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ მონაზვნებს ზღვაში მეკობრეთა გემი შეუნიშნავთ და ტაძრის კარი ჩაუკეტავთ. მიუხედავად ამისა, მომხვდურებს შიგნით მაინც შეუღწევიათ, რის შემდეგაც მონასტრის ბინადართ ისღა დარჩენოდათ, რომ ლოცვა გაეძლიერებინათ და საშველად წმ. მარიამისთვის მიემართათ. სწორედ ამის შემდეგ გამოჩენილან შხამიანი გველები და მოძალადეებისთვის ტაძრისა და მონაზვნების შეურაცხყოფის საშუალება არ მიუციათ. მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ამჟამადაც, ყოველწლიურად, მეტისმეტად შხამიანი გველები სწორედ ღვთისმშობლის მიძინების დღეს გამოჩნდებიან და თავს იყრიან სამლოცველოში. ამ დროს მათ ყველგან იხილავთ: ხატებზე, წმინდა წიგნებზე და თვით საკურთხეველშიც. მომლოცველები და სასულიერო პირებიც ყოველგვარი შიშის გარეშე, დიდი პატივისცემით ეპყრობიან მარადქალწული მარიამის გველებად წოდებულ ქვეწარმავლებს, რომლებიც არაფერს ერჩიან ადამიანებს და დღესასწაულის დასრულების შემდეგ ტოვებენ წმინდა ადგილს.

როგორც ზემოთ აღწერილ ფაქტებში, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს სამლოცველოს სტუმართა გაუცნობიერებლობასა და სასულიერო პირების "ეშმაკობას". თვითმხილველთა თქმით, დღესასწაულის წინა დღეებში, სამღვდელოების წარმომადგენლები ტაძრის გარშემო ტერიტორიაზე თავად აგროვებენ გველებს და თავს უყრიან სამლოცველოში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ქვეწარმავლები ანკარასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ადამიანისთვის უწყინარი არსებები არიან (ხოლო გველებისთვის დამახასიათებელი კოლექტიური უსაფრთხოების ინსტინქტი, მათი მშვიდად ყოფნის განმაპირობებელია) და ზემოთ ხსენებული "სასწაული", საპნის ბუშტივით გასკდება.

როგორც ხედავთ გველებისადმი ადამიანთა მცდარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს საზღვარი არ გააჩნია. ჩვენც აქ დავასრულებთ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის "უხსენებელ", ხოლო სხვა ნაწილისთვის ფაუნის დიდებულ წარმომადგენლებზე საუბარს, მით უმეტეს, რომ ცრურწმენების უკიდეგანო სამყარო ჩვენით არც დაწყებულა და არც დასრულდება...

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს