ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ჩეჩნეთის პირველი პირი რამზან კადიროვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სხვადახვა სოციალური ქსელების იმ მილიონობით აქტიურ მომხმარებელს შორის არიან, ვინც ყოველდღიურად საჯაროდ აქვეყნებენ პოსტებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის თუ ემოციების შესახებ.
როგორც აღმოჩნდა, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი თითქმის ყველა პოპულარული სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, მათ შორის "ტვიტერის", ინსტაგრამის, "ფეისბუქისა" და "გუგლ +"-ის.
თუ "ფეისბუქზე" მის ოფიციალურ გვერდს ეწვევით, ალი ხამენეის საოჯახო ალბომსაც აღმოაჩენთ. თუმცა, ამ შემთხვევაში "რადიო თავისუფლების" ევროპის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორის ყურადღება, ინსტაგრამზე ატვირთულმა ხამენეის ერთ-ერთმა შავ-თეთრმა ფოტომ მიიპყრო. 1970-იან წლებში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოზე ის ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელთან, აიათოლა რუჰოლა ხომეინთან ერთად არის.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ყველაზე ხშირად "ტვიტერს" სტუმრობს. 140 სიმბოლოსგან შემდგარ "ტვიტში" ის გადმოსცემს საკუთარ შეხედულებებს რუსულ პრესაზე, გლოვობს დაღუპულ ბებიას, საკუთარი შვილის შეძენის სიხარულს იზიარებს "ტვიტერის" მომხმარებლებთან ერთად, კრიტიკული ტონით იხსენიებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. თუმცა, ამავდროულად, არც პირადი რომანტიკული გრძნობების გამოხატვას ერიდება.
"ღამის გროზნო ზღაპრულად ლამაზია. ფეხით გავიარე მის ქუჩებში. კაფეში დავჯექი, სადაც არომატული ჩაით გამიმასპინძლდნენ. თქვენც გირჩევთ მის დაგემოვნებას", - "ტვიტავს" კადიროვი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის "ფეისბუქის" გვერდი ძირითადად მისი და მისი მეუღლის მეჰრიბან ალიევას ფოტოებით არის აჭრელებული. განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, რომლებიც "ტვიტერზე" ყოველდღიური აქტივობით გამოირჩევიან, ალიევი ამ სოციალური ქსელის არცთუ ხშირი სტუმარია, თუმცა ერთობ "არადიპლომატიური ტვიტებით" გამოირჩევა, რომლებიც ძირითადად სომხეთის მისამართით არის.
"სომხეთს, როგორც ქვეყანას, ღირებულება არ გააჩნია. სინამდვილეში ეს კოლონიაა", - "დატვიტა" აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი "ტვიტერზე" 2010 წლის ივნისში დარეგისტრირდა. პირველივე დღეს მან თავისი და ბარაქ ობამას ერთობლივი ფოტო ატვირთა, სადაც ისინი ჰამბურგერს მიირთმევდნენ ერთად. ფოტოს კი ამშვენებდა "ტვიტი": "კარგა ხანია, ჰამბურგერი არ მიჭამია. ლანჩი ობამასთან "Ray-s Hell Burger"-ში".
თუმცა, მისმა "ტვიტერმა" საყოველთაო ყურადღება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ანტისამთავრობო პროტესტისას, მიიპყრო, როცა დუმას დეპუტატის კონსტანტინ რიკოვის "ტვიტი" გამოაქვეყნა: "ვინც ჩვენს პარტიას თაღლითებისა და ქურდების პარტიას უწოდებს, ერთი სულელი და გამო****ებული ტიპია".
მედვედევის ეს "ტვიტი" უმალ გავრცელდა სოციალურ ქსელში, თუმცა ის მალევე წაშალეს. მოგვიანებით, კრემლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა ის, ვინც მედვედევის "ტვიტერი" გატეხა. პრემიერ-მინისტრის "ტვიტერს" ასევე სასწრაფოდ შეუცვალეს პაროლი.
ბარაქ ობამას შემდეგ, "ტვიტერზე" ყველაზე მეტი მიმდევარი - 3,9 მილიონი ვენესუელას პრეზიდენტს უგო ჩავესს ჰყავს. "ბოლივარიული რევოლუციის" ლიდერი "ტვიტერზე" აქტიურობით გამოირჩეოდა და "ტვიტავდა" ყველაფერზე - დაწყებული საზღარგარეთ მოგზაურობიდან, დამთავრებული მის კაბინეტში გამართული შეხვედრებით.
"მისი ენერგიულობა და სიცოცხლისუნარიანობა შთამბეჭდავია. ის ნებისყოფისა და რევოლუციური სიმტკიცის მაგალითია! გაუმარჯოს ფიდელს!" - წერდა ის "ტვიტერზე" ავადმყოფობამდე.
მისი კიდევ ერთი "ტვიტი" კი ასეთი შინაარსის იყო: "ეს სოციალიზმია: იაფი საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები - იცხოვრე ცხოვრებით! (Vivir ViViendo - ჩავესის საყვარელი ფრაზაა). გაუმარჯობს პროდუქტის ბაზარს. ჩვენ ვიცოცხლებთ და ვიქნებით ძლევამოსილი!".
ყველაზე მეტი ყალბი გვერდი "ტვიტერზე" ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, სადაც ბევრ სატირულ და მახვილგონივრულ "ტვიტს" წააწყდებით. ერთ-ერთი ასეთია @KimJongNumberUn, რომელსაც 21 ათასი მიმდევარი ჰყავს.
"კარგით, ახლა ვთიშავ ინტერნეტს ქვეყნის გამთლიანების გამო", - რამდენიმე დღის წინ "დაიტვიტა" ამ გვერდზე.
თუმცა, სინამდვილეში, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, აქვს თუ არა სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საკუთარი გვერდი "ტვიტერზე".
მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.