ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა რუსეთის მთავარ სანიტართან, გენადი ონიშენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"შესაძლოა, რომ გაზაფხულის ბოლოს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შევიდეს",- განაცხადა დავითაშვილმა.
რუსეთის მთავარმა სანიტარმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე გაზაფხულისთვის დაბრუნება რეალურია.
ამასთან, გენადი ონიშენკოს განცხადებით, დაახლოებით 60-მდე ქართულმა საწარმომ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს რუსეთის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების შეტანა.