სახელმწიფოს საკუთრებში მიქცეული და, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მექანიზმები მარტივდება.
ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ორგანოებისთვის გადაცემის საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება. ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისას ინტერნეტაუქციონის და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიიღებს.
პროექტის თანახმად, სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმების შესახებ გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტროს აღარ შეუთანხმებს, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელთა შესაბამისად აღნიშნული ქონების განაწილება - მათი უსასყიდლოდ გადაცემა ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის ან თუ ხორციელდება ასეთი ქონების სოციალური მიზნებისთვის გამოყენება.
ამავე კანონპროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურების საკითხი.