ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, კადიროვს ძალიან უყვარს პირადი ფოტოების გამოქვეყნება "ინსტაგრამზე", სადაც ის "ალიჰან 777"-ის სახელით არის დარეგისტრირებული. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ინფორმაციით, ჩეჩნეთის პირველ პირს "ინსტაგრამზე" 12 400 მიმდევარი ჰყავს, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კი მან 300 ფოტო ატვირთა, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.
თუმცა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა "ინსტაგრამზე" გახსნილი ეს ანგარიში რამზან კადიროვს.
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე რამზან კადიროვი, რომელსაც უფლებადამცველები თავისი პოლიტიკური ოპონენტების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ, რუსეთის ვიცე-პრემიერთან ვლადისლავ სურკოვთან და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან ერთად არის გადაღებული.

საინტერესოა კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ცნობილი რუსი რეჟისორისა და მსახიობის ფიოდორ ბონდარჩუკის მეუღლე, სვეტლანა ბონდარჩუკია კადიროვის მოოქროვილი პისტოლეტით ხელში.

პოლიგამიის მხურვალე მხარდამჭერმა რამზან კადიროვმა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე საუბრისას საჯაროდ განაცხადა, რომ მეორე "მშვენიერი" ცოლის ძიებაშია, "ინსტაგრამზე" თავის მდიდრულ სასახლეში გადაღებული მისი და მისი მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა. მედნი მუსაევნა კადიროვაზე მან 1996 წელს იქორწინა. გავრცელებული ხმებით, ჩეჩნეთის ლიდერს მეორე ცოლიც ჰყავს, თუმცა უცნობია, მისი მეორე მეუღლის ვინაობა.

"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის თვალშისაცემია აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და კადიროვის ერთ-ერთი შვილის ფოტო, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციაშია გადაღებული.

როგორც ჩანს, იარაღისა და ნადირობის მოყვარული რამზან კადიროვი ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულიცაა. ერთ-ერთ ფოტოში ის ლომის ბოკვერს ეხუტება, მეორეში კი ახალშობილ წიწილას ეფერება.

და ბოლოს, მომხმარებლის ყველაზე მეტი მოწონება კადიროვის და ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჟან-კლოდ ვან დამის ერთობლივმა ფოტომ დაიმსახურა. ბელგიელი მსახიობი 2011 წელს კადიროვის დაბადების დღეს დაესწრო.

მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.