საბჭოთა ანაბრების საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ბევრმა ქვეყანამ ის სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარა და კომპენსაციების გაცემაც დაიწყეს, ზოგიერთმა ვალი არ აღიარა, მაგრამ თანხას, მართალია, მცირეოდენს, მაინც გასცემს. ერთადერთი საქართველოა, სადაც საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად კი არის აღიარებული, თუმცა ფულის დაბრუნებაზე დღემდე თუნდაც განცხადებაც კი არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუთქვამს.
არადა, როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, ანაბრების საკითხის მიჩუმათება სახელმწიფოს მხრიდან არის უსამართლობა. მისი აზრით, კარგი იქნება თუ სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდება პროექტი და დაიწყება თანხების გაცემა თუნდაც 5 ან 20-წლიანი გრაფიკის მიხედვით.
როგორც გავარკვიეთ, საბჭოთა ანაბრების პრობლემა მეტ-ნაკლებად ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ქვეყენამ მოაგვარა - ლიტვამ და ყაზახეთმა. მაგალითად, ლიტვაში სახელმწიფო პრივატიზაციიდან შემოსული თანხების 80% სწორედ მეანაბრეთა თანხების დასაფარავად მიმართეს. თითოეული მეანაბრის გასასტუმრებელი ვალის ოდენობა შემოიფარგლა 6.000 რუსული მანეთით, კურსით - ერთი ლიტი - ერთი რუსული მანეთი. ყაზახეთში კი გამოუშვეს სპეციალური ობლიგაციები კურსით - 100 დოლარი ყოველ 15 ათას რუსულ მანეთში.
აზერბაიჯანში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი "სბერბანკის" მეანაბრეებისთვის თანხების ინდივიდუალური დაბრუნების პროცესი 2012 წლის ზაფხულიდან დაიწყო. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შარიფოვის განცხადებით, ანაბრების გადახდის შესაძლებლობა ქვეყანას ბოლო წლების ეკონომიკური წარმატების შედეგად მიეცა. თანხების გაცემა 1992 წლის პირველ იანვარს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით იწარმოებს.
"კანონის მიხედვით სახელმწიფოს არ აქვს აღიშნული თანხების გაცემის ვალდებულება. ამ თანხების გაცემა არის მოსახლეობის თავისებური დამატებითი დახმარება",- განაცხადა მინისტრმა.
აზერბაიჯანის საბჭოთა სოცილისტური რესპუბლიკის "სბერბანკის" სამართალმემკვიდრემ, "კაპიტალ ბანკმა" დიდი სამუშაო ჩაატარა აღნიშნული თანხების გაცემის პროცესის მომზადებისთვის. თანხის გაცემა 2013 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ეს პროცესი აზერბაიჯანის 2,4 მილიონ მოქალაქეს შეეხება, რომლებიც "სბერბანკში" პირად ანგარიშებს ფლობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის აზერბაიჯანი დაახლოებით 1 მილიარდ მანათს, ანუ 1 264 000 000 დოლარს დახარჯავს. 2012 წელს აზერბაიჯანის "კაპიტალ ბანკმა" უკვე გასცა 554 711 მლნ მანათი, დაახლოებით 701 265 მლნ დოლარი.
სომხეთში ანაბრების თანხის გასტუმრებას 2015 წლამდე გეგმავენ, სქემით - პირველ საბჭოთა 1000 მანეთში გადაიხდიან 200 დოლარს, მეორე და მესამეში - 140 დოლარს. ყოველ შემდეგ ათასზე თანხა იკლებს და 10 000 რუსული მანეთის ზემოთ, ყოველ ათას მანეთზე მეანაბრე მხოლოდ 20 ლოლარს მიიღებს.
გადაწყვეტილება გაუფასურებული ანაბრების კომპენსაციაზე მიღებული აქვთ მოლდოვასა და ყირგიზეთის ხელისუფლებასაც, თუმცა ორივე ქვეყანაში კომპენსაცია ისე მცირეა, რომ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
ბელორუსის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დღემდე გრძელდება ამ პრობლემის განხილვა, მაგრამ მისი მოგვარებისთვის საჭირო რესურსი ჯერ არ აქვთ. რაც შეეხება უკრაინას, გაუფასურებული საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე აქტიური მუშაობა იქაც მიმდინარეობს.
საბჭოთა ანაბრებს გასცემენ რუსეთშიც. ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების გაუფასურებული საბჭოთა ანაბრები საშინაო ვალად გამოაცხადა და ანაბრების გაცემა 1996 წლიდან დაიწყო. 2008-09 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისისას, როგორც მაშინ ექსპერტები წერდნენ, ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის მოხსნის მიზნით, ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყო და მოქალაქეებს თანხის დაბრუნებისა და კომპენსაციის შემდეგი სქემა შესთავაზა: 1945 წლამდე დაბადებული მოქალაქეები, მიიღებდნენ ანაბრის სამმაგ ოდენობას რუსულ მანეთში, ხოლო 1945 წლის შემდეგ დაბადებულები - ორმაგ ოდენობას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს დღემდე ვალის მხოლოდ ნაწილი აქვს გასტუმრებული და მისი გაცემა, 1996 წლიდან მოყოლებული, 3 ეტაპად მოხდა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამ თამაზე ლაპარაკს გაურბიან. ისინი ამბობენ, რომ ანაბრების დაბრუნების დაპირება არასდროს გაუციათ, თუმცა ჩვენ უახლოეს ისტორიას ახსოვს დოკუმენტი სახელწოდებით - "ნაციონალური მოძრაობის " ხელშეკრულება საქართველოსთან", სადაც ერთ-ერთი პუნქტი ანაბრების დაბრუნებაც იყო. ჯერჯერობით ანაბრების დაბრუნების საკითხით არ ინტერესდებიან ახალ მთავრობაში და ზოგადად ის შეტანილი არც ყოფილა კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამაში.
"საერთოდ, გაუფასურებული ანაბრების დაბრუნების პროცესი ხანგრძლივი პროცესია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ დაიწყო ამ საკითხის მოგვარება, ზოგმა დაასრულა კიდეც. ჩვენ შიდა ვალად კი გვაქვს აღიარებული, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული სქემა და მეთოდიკა, არც მზადყოფნა, რომ ანაბრები გაიცეს. შეიძლება სხვა ქვეყნის მაგალითებზე ვიდავოთ, რომ ისინი ვერ გასცემენ შესაბამის ანაზღაურებას, მაგრამ რაღაცას ხომ გასცემენ? ჩვენთან კი ამაზე საუბარიც არ მიდის.
საბჭოთა ანაბრების საკითხი არის სახელმწიფოს პრობლემა, პრობლემა კი არის სისტემური. თუ საკითხს სისტემურად ვერ მივუდექით, პრობლემის მოგვარებაც ვერ მოხდება. ამ თანხების გაცემა არის რთული და ხანგრძლივი პროცესი, თანაც ძალიან დიდ რესურსთან დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ეს საქმე გასაკეთებელია და ადრე თუ გვიან თანხების დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს. რუსეთმა 1996 წელს დაიწყო ანაბრების გაცემა და 17 წლის თავზეც კი სრულად არ აქვს ვალდებულება გასტუმრებული.
ანაბრების საკითხის მიჩუმათება სახელმწიფოს მხრიდან არის უსამართლობა. წინა ხელისუფლებებმა ამ თემას გვერდი აუარეს, ვნახოთ, რას იზამს ახალი ხელისუფლება. ჯერჯერობით ამაზე ხელისუფლებაში არავინ საუბრობს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ელზა წიკლაური