ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას

ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას

კობა დავითაშვილმა ლუდომანებისთვისაც (დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე) მოიცალა. კერძოდ, დეპუტატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს საინფორმაციო სივრცეში, ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ლუდომანია სერიოზული პრობლემაა. აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო, არაერთი ოჯახი დაინგრა და გაუბედურდა, ადამიანებმა დაკარგეს სახლ-კარი და საერთოდ, ადამიანური სახე. ლუდომანია ხშირად გამხდარა თვითმკვლელობის მიზეზიც. მოკლედ, ეს მტკივნეული საკითხია, რომლის მოგვარებაშიც ალბათ, სახელმწიფო თუ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთონ.

მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად უზრუნველყოფს ეს კონკრეტული კანონპროექტი იმას, რომ მოქალაქეებს აღარ მოუნდეთ "რულეტკის" დატრიალება ან ონლაინფსონის დადება.

სხვათა შორის, რიგ დასავლურ ქვეყნებში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აზარტულ თამაშებთან ბრძოლა უფრო რადიკალური მეთოდებით გადაწყვიტეს - აიღეს და აკრძალეს. თუმცა იქაურები თამაშს მაინც აგრძელებდნენ - ოღონდ იატაკქვეშეთში, სახელმწიფო ბიუჯეტი კი შემოსავალს კარგავდა. შესაბამისად, აკრძალვა თამაშებზე ნელ-ნელა მოიხსნა.

ვცადოთ, იქნებ ჩვენ გამოგვივიდეს. შეგვიძლია, მაგალითად, ავიღოთ უზბეკეთის მაგალითი, სადაც ბილიარდიც კი, კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

ხუმრობა იქით იყოს და რეკლამის შეზღუდვით ლუდომანიასთან ბრძოლა არაეფექტურია. ეს ალბათ, ყველაზე კარგად ლიტვაში მოეხსენებათ. იქ მოქმედებს მკაცრი კანონი, რომლის მიხედვითაც, აზარტული რეკლამის დამკვეთს ლიცენზია ჩამოერთმევა. თუმცა კომპანიებმა კანონის გვერდის ავლის საშუალებები ადვილად მოძებნეს - ოფშორებში რეგისტრირდებიან და მშვიდად უკვეთავენ რეკლამებს მედია თუ ინტერნეტსაშუალებებს. საპასუხოდ, ლიტვაში რეკლამის გამავრცელებლების დაჯარიმება სცადეს, მაგრამ ამან მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია.

თუმცა ლიტვამ და უზბეკეთმა თავიანთი "მკვდარი" იტირონ, ჩვენ ჩვენი ვთქვათ. კარგით, ვთქვათ ავკრძალეთ აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიებში, რადიოებში, გაზეთებში თუ ქართულ ინტერნეტსაიტებზე. რეკლამა აღარ იქნება? იქნება, ოღონდ ქართული კაზინოს ან ონლაინპოკერის რეკლამას შემოგვთავაზებს რომელიმე რუსული ან სხვა უცხოური საიტი. მაგალითად, "ითამაშე.გე"-ს ნაცვლად, იქნება "ითამაშე.რუ" - იგივე სტრუქტურით და იგივე პრინციპებით.

მაშინ საქართველოში უნდა დავბლოკოთ ყველა ის უცხოური საიტი, სადაც აზარტული თამაშის რეკლამა იქნება განთავსებული. რეკლამის აკრძალვა რომ პრობლემის მოგვარების წამალი იყოს, მართლაც კარგი იქნებოდა.

მაშინ უნდა ავკრძალოთ მანქანების რეკლამა, რადგან შესაძლოა, ავარიაში მოხვდე; ყავის რეკლამა - ბევრი კოფეინი საზიანოა ჯანმრთელობისთვის; რესტორნების რეკლამა - თუ ცუდი სიმთვრალე გაქვს შესაძლოა, შარში გაეხვიო. ასე ნელ-ნელა თურქმენეთის გზას გავუდგებით.

მოკლედ, დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონის ამოქმედება მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ მედია თუ ინტერნეტსაშუალებები აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს დაკარგავენ. არც თუ ისე მდიდარი ქართული მედიისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შემოსავალს დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიც.

სხვათა შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა იმას ნიშნავს, რომ სამორინეებმა და სლოტკლუბებმა აბრები უნდა მოხსნან. ისე, რუსეთის რამდენიმე ქალაქში მსგავსი აკრძალვა დაწესდა. საპასუხოდ, სამორინეებმა თუ სლოტკლუბებმა გააკრეს აბრები - "ინტერნეტსალონი", "სახალისო ლოტო" და ა.შ. ასე რომ, მათ ქართველ "კოლეგებს" მაგალითისთვის შორს წასვლა არ დასჭირდებათ.

ინტერნეტსივრცეც იძლევა მანევრირების საშუალებას. კანონი არ კრძალავს მაგალითად, ასეთი საიტის შექმნას - "კრუპიეების შემსწავლელი კურსები" და შემდეგ მის რეკლამირებას. მსგავსი საიტის ფარგლებში მშვენივრად შეიძლება, მაგალითად, სამორინისთვის ირიბი რეკლამის გაკეთება ისე, რომ არც ერთ საკანონმდებლო ნორმას არ დაარღვევ.

კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია და კანონმა ყველა ასეთი შემთხვევა რომ გაითვალისწინოს, კობა დავითაშვილს მრავალტომეულზე მუშაობა მოუწევს.

ასე რომ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონის დამტკიცება ფუჭი გასროლა იქნება, ბუსუსებიანი თუ ულვაშებიანი პრეზერვატივების შესახებ რეგულაციების არ იყოს.

ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კი არსებობს მსოფლიოში აღიარებული მეთოდები, ხერხები თუ პროგრამები, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

გიორგი კვიტაშვილი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს