სარწყავი არხების წმენდისა და საგაზაფხულო ხვნის პროცესი მარნეულის რაიონში ერთდროულად მიმდინარეობს

სარწყავი არხების წმენდისა და საგაზაფხულო ხვნის პროცესი მარნეულის რაიონში ერთდროულად მიმდინარეობს

სარწყავი არხების წმენდისა და საგაზაფხულო ხვნის პროცესი მარნეულის რაიონში ერთდროულად მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მარნეულის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ ფერმერებთან ერთად მოინახულეს და პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 50-მდე სარწყავი არხი აღდგება. ქვემო ქართლის რეგიონში საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესის გარდა, სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონის ცენტრალურ მაგისტრალზე გაწმენდით-აღდგენითი სამუშაოები უკვე ხორციელდება. აღნიშნულ რაიონში სარწყავი არხების დანალექი გრუნტისგან გაწმენდის შემდეგ 8 ათასი ჰა მიწის ფართობი მოირწყვება", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორის, ვაჟა კირტავას განცხადებით, მიმდინარე წელს არხებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რწყვის სეზონის დაწყებამდე 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი წყლით.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით, სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. რეგიონში 70 ათასი ბენეფიციარისთვის 24 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ჯამში მთავრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა