მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები

ზოგჯერ ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც რამდენიმე ასოა დატანილი, შეუფასებელი ხდება. გამოცემა Forbes-მა 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფის რეიტინგი გამოაქვეყნა.

1. უილიამ შექსპირი

ღირებულება: 4.65 მლნ დოლარი.

უკვე მერამდენე საუკუნეა ისტორიკოსები, მეცნიერები და უბრალო მკითხველები "შექსპირის კითხვაზე" პასუხის გაცემას ცდილობენ. ცნობილი დრამატურგის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული.  ამასთან დაკავშირებით შექსპირის ავტოგრაფის ნამდვილობა, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იდგეს, თუმცა ეს ასე არაა. სულ მსოფლიოში შექსპირის ხელმოწერით 6 დოკუმენტი არსებობს. სამწუხაროდ, მათ დღემდე სწავლობენ, ამიტომ აუქციონზე მათ გამოჩენას არავინ ელოდება.

2. ჯონ ლენონი

ღირებულება 525 000 დოლარი.

1980 წელს ჯონ ლენონის მიერ ჩაწერილ ალბომს Double Fantasy დიდი კომერციული წამრატება ელოდა. მისი გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში მუსიკოსი მარკ ჩეპმენმა მოკლა. გამოძიებამ ერთ-ერთ სამხილად სწორედ Double Fantasy-ს ალბომი გამოიყენა, რომელზეც მკვლელის თხოვნით ლენონმა ავტოგრაფი დატოვა. მალე დისკი ლენონის შეძლებული თაყვანისცემლების ვაჭრობის საგანიც გახდა.

3. ჯო დიმაჯიო და მერლინ მონრო

ღირებულება: 191 200 დოლარი.

ჯო დიმაჯიოს და მერლინ მონროს ქორწილი 1 წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და განქორწინებამ მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო. წყვილმა ყველაფრის თავიდან დაწყება 1960-იან წლებში სცადა. ამის დასტურად ორივემ ხელი მოაწერა ბეისბოლის ბურთზე. ძვირფასი არტეფაქტი 2006 წელს აუქციონზე გაიყიდა. არსებობს კიდევ ერთი ბურთი, რომელზეც ყოფილმა მეუღლეებმა მათი ხელმოწერები დატოვეს, თუმცა მასზე მერლინ მონროს ნამდვილი სახელი - ნორმა ჯინია დატანილი, რის გამოც ბურთის ფასი მხოლოდ 50 000 დოლარს შეადგენს.

4. ალბერტ ეინშტეინი

ღირებულება: 74 324 დოლარი.

ალბერტ ეინშტეინის ყველაზე ცნობილი ფოტო 1951 წელსაა გადაღებული. ფოტოგრაფმა არტურ სასმა მეცნიერს გაღიმება სთხოვა, მან კი ენა გამოყო. ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ აინშტეინმა მასზე წარწერა და ხელმოწერა დატოვა.

5. ჯიმი ჰენდრიქსი

ღირებულება: 63 550 დოლარი.

საკოლექციო ნივთებს შორის, ჯიმი ჰენდრიქსის კუთვნილი ნივთების დეფიციტი ნამდვილად არ არის. მათი ფასი ხშირ შემთხვევაში 2000 დოლარს არ აღემატება. თუმცა გიტარისტ-ვირტუოზის ავტოგრაფებს ჯერჯერობით მაინც კარგი ფასი აქვს.

6. ჯესი ჯეიმსი

ღირებულება 51 240 დოლარი.

XIX საუკუნის ცნობილი დამნაშავის - ჯესი ჯეიმსის ფოტოები სამხრეთ ამერიკის ყველა ქალაქის ყოველ კუთხეში იყო გამოკრული. მისი დასმენისთვის და ჩაბარებისთვის სოლიდური ჯილდო იყო დაწესებული. ისტორიკოსებს მხოლოდ ერთი ფოტო შემორჩათ, რომელზეც ჯესი ჯეიმსმა წარწერა თავის ხელით გააკეთა. სწორედ ამიტომ, 2011 წელს ეს ავტოგრაფი ძალიან ძვირად გაიყიდა.

7. ჯონ კენედი

ღირებულება: 38 837 დოლარი.

1963 წელს ჯონ კენედი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დალასს ეწვია. სასტუმროში ყოფნისას მას დამლაგებელი შეხვდა და სთხოვა გაზეთ The Dallas Morning News-ზე  ავტოგრაფი დაეტოვებინა. კენედიმ ხელი გამოცემაში დაბეჭდილ მის ფოტოზე მოაწერა. რამდენიმე საათის შემდეგ ის მოკლეს. ამ ფაქტის გამო ჯონ კენედის ავტოგრაფი, რომლის მფლობელი სასტუმროს უბრალო დამლაგებელი იყო, უძვირფასეს დოკუმენტად იქცა.

8. ჯეიმს დინი

ღირებულება: 19 375 დოლარი.

კინომცოდნეები დღემდე დავობენ, რით იყო გამოწვეული მისი პოპულარობა: ნამდვილი ნიჭით თუ იმით, რომ დინი ნაადრევად და ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი პიროვნება კულტად იქცა. ჯეიმსზე იღებენ ფილმებს და წერენ წიგნებს. სწორედ ამიტომ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა, საკმაოდ ძვირად ფასობს.

9. პრინცესა დიანა

ღირებულება: 12 400 დოლარი.

იშვიათად, რომ ქვეყნის მმართველი, პრეზიდენტი ან მონარქი იკვეხნიდეს  ხალხის ისეთ სიყვარულს, როგორიც ეს პრინცესა დიანას ხვდა. ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური საღამო, რომელშიც პრინცესა დიანა მონაწილეობდა, ტრადიციული ავტოგრაფ-სესიით სრულდებოდა. მიუხედავად ავტოგრაფთა სიმრავლისა, პრინცესა დიანას ხელნაწერები დღემდე ძვირად ფასობს.

10. ნილ არმსტრონგი

ღირებულება: 11 900 დოლარი.

ნილ არმსტრონგის გარდაცვალება 2012 წელს ნამდვილ ტრაგედიად იქცა. სამაგიეროდ ფასებმა მის კუთვნილ ნივთებზე მოიმატა. ავტოგრაფებზე მოთხოვნა ერთი-ორად გაიზარდა და ხშირად მსურველებს ხელში ყალბი ხელნაწერები რჩებოდათ. საბოლოოდ, ნილ არმსტრონგის ავტოგრაფის ნამდვილობის დადგენას მთელი წიგნი მიეძღვნა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს