"ალფა ბანკი" - საქართველოში არანაირ ბანკებს არ ვყიდულობთ

"ალფა ბანკი" - საქართველოში არანაირ ბანკებს არ ვყიდულობთ

რუსული "ალფა ბანკი" საქართველოში ბანკის შეძენის საკითხს არ განიხილავს. "ალფა ბანკის" პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსის" შესაბამის წერილობით კითხვაზე პასუხის გასცა, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ საქართველოში არანაირ ბანკებს არ ვყიდულობთ და არც გავიხილავთ".

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციები "თიბისი ბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გუშინვე უარყვეს.

ამასთან, რუსულმა "სბერბანკმა" კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე დღის წინ "ლიბერთი ბანკი" შეიძინა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ