როგორი იქნება 2013 წელი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისთვის და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი

როგორი იქნება 2013 წელი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისთვის და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი

ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური ყოველთვის საინტერესო პროგნოზებით გამოირჩევა. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სრულიად "არაკოაბიტაციური" გარემოს შესაძლო შედეგები ჩვენი საუბრის მთავარი თემა გახლდათ, თუმცა საუბარი დავიწყეთ მეტეორების წვიმით, რომელმაც ჩელიაბინსკში უამრავი ადამიანი დააზარალა და 2012 წლის 21 დეკემბერს "გადარჩენილი" საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

-  ხალხი ჩელიაბინსკში მეტეორიტების წვიმის შემდეგ კვლავ ალაპარაკდა მეორედ მოსვლის შესახებ.

-  ეს დედამიწისთვის რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ცნობილია, რომ "ნასა" მეტ-ნაკლებად აკონტროლებს ამ სიტუაციას.

სხვათა შორის, 1908 წელს ტუნგუსკის რეგიონში ჩამოვარდა მეტეორიტი, რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა. "რუსეთის მეტეორიტებს" საინტერესო რამ ახასიათებს, ისინი დაუსახლებელ რაიონებში ვარდებიან. მაშინ განიხილავდნენ ვერსიას, რომ იმ პერიოდში ცნობილი მეცნიერი ნიკოლა ტესლა ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ მანძილებზე დენის უსადენოდ გადაცემის თეორიაზე მუშაობდა. ფიქრობდნენ, რომ 1908 წლის შემთხვევა სწორედ ამით იყო გამოწვეული. ჟირინოვსკიმ წლევანდელი შემთხვევაც ამერიკელებს "მიაწერა" (იღიმება). მოკლედ, რუსეთში ჩამოვარდნილ მეტეორიტებს შეგვიძლია, "მშვიდობისმოყვარულებიც" დავარქვათ. 2012 წლის 21 დეკემბრით ადამიანები უფრო შეშინდნენ, ამიტომ მეტეორიტების წვიმას დიდი შიში აღარ გამოუწვევია.

ასტეროიდი უფრო საშიშია და ვიცი, რომ "აპოფისი" (ნომრით 99942) დედამიწას 2029 წელს და შემდეგ უკვე 2036 წელს ყველაზე ახლოს ჩაუვლის, თუმცა მეცნიერებს ახლა აქვთ საშუალებები და ამდენი წლის შემდეგ მით უმეტეს ექნებათ, რომ თავიდან აირიდონ შეჯახების მინიმალური საფრთხეც კი.

-  საქართველოზე გადმოვინაცვლოთ. მახსოვს, 2013 წელი უფრო რთულ პერიოდად მოიაზრე, ვიდრე 2012. თუკი ამ წლის დასაწყის თვეებს გადავხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად რთული პერიოდი დგას.

-  ჩვენ ისევ წრეზე დავდივართ. თუკი ადამიანი წინ არ მიდის და ერთ ადგილას დგას, სინამდვილეში უკან მიდის. ქართველი ხალხი მეტისმეტად პოლიტიზებულია, მაგრამ ეს ფაქტორი ქართულ პოლიტიკას წინ არ სწევს. ადამიანები კარგავენ სიმშვიდეს და ყველაზე მნიშვნელოვანს, სიყვარულს, მატულობს სიძულვილის ფაქტორი. ასეთი საზოგადოება მარცხისთვის არის განწირული, თუკი არ მოახდენს წარსულის სწორ ანალიზს. ჯანსაღად უნდა შეფასდეს ის ყველაფერი, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ხდება. არ ვიტყოდი, რომ შეცდომები ქართველმა ერმა დაუშვა, შეცდომები ქართველმა პოლიტიკოსებმა დაუშვეს. თუკი დავიმსახურებთ უკეთეს პოლიტიკოსებს, მათ აუცილებლად მივიღებთ. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, შექმნას პროგრამა, რათა მოხდეს სწორი ანალიზი. ეს ხალხს ორიენტირის მოძებნას გაუადვილებს. დაინახავენ, რა ხდება და რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ გარკვეულ მოვლენებზე. სახელმწიფოს დიდი მუშაობა მართებს, რომ საზოგადოებას ნამდვილი თავისუფლება დაანახვოს. თუ ასე არ მოხდა, დღევანდელი ხელისუფლებაც იმავე შეცდომებს დაუშვებს. ყველა გმირი, რომელიც ურჩხულს კლავს, ურჩხულად იქცევა, რაც უსასრულოა და წრეზე სიარულს ჰგავს. საქართველოში ინდივიდუალურად აზროვნება დაგვავიწყდა, ჩემთვის კი გამოთქმა, "ხალხი ბრძენია", არ არის სწორი. მასა ვერ აზროვნებს, მასა მოქმედებს. ხალხის მოქმედებებმა აქამდე მოგვიყვანა, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას, მერე არ მოგვწონს, ვანადგურებთ მას და ვირჩევთ ახალს, შემდეგ კი ველოდებით, როდის დაუშვებს ის ახალი ხელისუფლება შეცდომებს.

-  ლიდერებზე მინდა გკითხო. ბევრი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რეალობას ვერ გრძნობს. ეს მართალია?

-  მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ რთული ფსიქოტიპია. მხოლოდ ჰაერში რომ ლივლივებდეს, მას არ ექნებოდა ძალა და მოხერხება, ის გაეკეთებინა, რაც ამ ცხრა წლის განმავლობაში გააკეთა. ცხრა და თორმეტი წელი საინტერესოა იმით, რომ ამდენწლიანი ციკლით ბევრი დიქტატორი ასრულებს საკუთარ მოღვაწეობას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცხრა წლის შემდეგ მიიღო ის, რაც დაიმსახურა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ეს ძალა ახერხებს ბევრი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შენარჩუნებას. სააკაშვილი ეშმაკი მებრძოლია, თუმცა მას არასდროს ჰქონია ურთიერთობა ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც ივანიშვილია. გამსახურდიას ჰქონდა ქარიზმა, რაც სააკაშვილსაც აქვს. შევარდნაძესა და ივანიშვილს კი, რომლებიც მერწყულის ნიშანს წარმოადგენენ, მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნევლად, რაციონალურობის წყალობით, შეუძლიათ გადაუკეტონ მას ჰაერის მარაგი. საინტერესოა ის, რომ ედუარდ შევარდნაძე ახერხებდა ურთიერთობას როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვფიქრობ, ეს გამოუვა ივანიშვილსაც. შევარდნაძე ასაკში იყო და მოსალოდნელი საფრთხეები ვერ გაიაზრა, დაუშვა გარკვეული შეცდომები, ივანიშვილი კი ახალგაზრდაა და აქვს საკმაოდ ძლიერი ინტუიცია. მან გამოიარა 90-იანი წლების რუსეთი და მოახერხა როგორც საკუთარი მატერიალური მდგომარეობის, ასევე სიცოცხლის გადარჩენა. ეს კი იმდროინდელ რუსეთში ძალიან რთული გახლდათ.

-  სულ არის ლაპარაკი მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე.

-  ის საკმაოდ ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანია. სხვათა შორის, მე მას საგაზეთო მასალაში მივუთითე კონკრეტული საფრთხის შესახებ, კერძოდ, მოწამვლის ალბათობაზე, რაც მას ახლაც ემუქრება. გარდა ამისა, საფრთხეს შეიცავს მისი გარემოცვაც, რადგან მან უნდა გადაამოწმოს ის ფაქტები, რასაც უახლოესი გარემოცვა აწვდის. ივანიშვილი ამ ეტაპზე და 2013 წლის განმავლობაში მოახერხებს მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული გარკვეული საფრთხეების განეიტრალებას. ის არ გახლავთ ცეცხლის ნიშანი და არ ახასიათებს გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება. თუკი მას შეცდომები აქვს, ეს იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკოსი. ის გახლავთ კარგი მენეჯერი, წარმატებული ბიზნესმენი, საკმაოდ ამბიციურიც. მან მიხეილ სააკაშვილის აგრესიულ პოლიტიკას საკმაოდ რაციონალური პოლიტიკა დაუპირისპირა. ფაქტია, რომ მან "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეში მიაყენა.

-  ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კაცად არ მოიაზრებს.

-  ალასანიას აქვს ქარიზმა, ის ცეცხლის სტიქიის ნიშანია, მშვილდოსანი გახლავთ. ისიც, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, 21 დეკემბერს გახლავთ დაბადებული. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს და ასეთად, ანუ ნომინალურ ფიგურად, ივანიშვილი ალასანიას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე ნაკლებად მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის ალასანიამ, დატოვოს "ქართული ოცნება". ხალხმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და არა რომელიმე სხვა პოლიტიკურ სახეს. ისინი კარგად იაზრებენ, რომ ამით არა მხოლოდ გაწირავენ საკუთარ თავს, არამედ გააძლიერებენ მოწინააღმდეგეს. ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხებულია, მაგრამ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ამას "ქართული ოცნების" კოალიციის წევრები, მგონია, რომ კარგად იაზრებენ და ამით "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავდებიან. არ ვფიქრობ, რომ პირადი წყენის გამო ირაკლი ალასანია "ქართულ ოცნებას" გამოეყოფა. შეიძლება, ივანიშვილმა არ იცის პოლიტიკა, მაგრამ მან მოახერხა ნაციონალების დამარცხება, რაც ბადრი პატარკაციშვილს არ გამოუვიდა, თუმცა მასაც ჰქონდა ფული. ფულის გარდა ივანიშვილს აქვს ბევრი სხვა საინტერესო თვისება. პირველ რიგში, რასაც ამბობს, ის კეთდება. მაგალითად, თქვა, რომ ერთ წელიწადში მოვიდოდა ხელისუფლებაში და ასეც მოხდა. ხალხი ცხრა წელი ითმენდა "ნაციონალურ მოძრაობას", ასი დღე არ არის ის პერიოდი, რომ ახალმოსულ ხელისუფლებას ყველაფრის შესრულება მოსთხოვო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კონკრეტულ პიროვნებებამდე დადის.

-  როგორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის 2013 წლის გაზაფხული?

-  პასუხს ორ ნაწილად გავყოფ, როგორი იქნება ეს წელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის. 2008-დან 2014 წლამდე რთული პერიოდია და ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. 2013 წელს ჩაირთვება ურან-პლუტონის კვადრატული ასპექტი, რომელიც 2013 წლის 7 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 2014 წლის 22 ივნისამდე, ის დაასრულებს ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ შვიდწლიან ციკლს. 2013 წელს ყველაზე მეტად ყურადღებას მივაქცევდი არა გაზაფხულს, არამედ ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდს (მაქსიმუმ სექტემბრის პირველი ნახევარი). 2013 წელს ეს ყველაზე რთული პერიოდი იქნება. წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, თავიდან აიცილოს შეიარაღებული დაპირისპირება ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში.

-  მესამე მსოფლიო ომის საფრთხეც არსებობს?

-  ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, მაგრამ ლიდერებს უნდა ეყოთ გონიერება, განსაკუთრებულად ივლისსა და აგვისტოში, რომ არ მოხდეს პროვოკაცია, ვინაიდან ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია, გაზაფხულზე სერიოზული დაპირისპირებები ვიხილოთ. ბიძინა ივანიშვილისთვის რთული მხოლოდ მარტია. ის ახალ ეტაპზე გადავა და შეძლებს დაამყაროს ბევრი ისეთი ურთიერთობა, რომლებიც მას მომავალში საფრთხეებს აარიდებს. ასევე რთული იქნება სექტემბერ-ოქტომბერი და ნოემბერი. მიხეილ სააკაშვილისთვის მაისი, ივნისი და ივლისის მეორე ნახევარი იქნება მძიმე.

-  სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს?

-  არა მგონია. ბიძინა ივანიშვილმა ქუჩიდან, ცარიელი ხელებით დაამარცხა ყოფილი ხელისუფლება. ჯარი, პოლიცია მის ხელშია და როგორ უნდა შეძლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ტერორის გზით ძალაუფლების დაბრუნება? ეს პარტია ცდილობს იხმაუროს, რომ არ დაკარგოს ის მხარდამჭერები, რომლებიც ამჟამად მის გვერდით არიან. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" დიდების მზე ჩაესვენა.

-  ბოლოსწინა ხელისუფლების სა­ხეებზე მინდა გკითხო, მაგალითად, ბაჩო ახალაიაზე, რომლის მიმართ საზოგადოების ნაწილი არ არის კარგად განწყობილი.

-  პერიოდულად გაზეთში პოლიტიკოსების ჰოროსკოპებს ვაქვეყნებდი. კარგად მახსოვს, გავაკეთე ბაჩო ახალაიას ჰოროსკოპი. ის მორიელის ნიშნით არის დაბადებული და ამასთან, პირად ჰოროსკოპში აქვს შავი მთვარის საკმაოდ ნეგატიური გავლენა. სამწუხაროდ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ქართულ პრესას არ კითხულობს, რომ სტატიების ანალიზი გააკეთოს. ბაჩო ახალაიას პირად ჰოროსკოპში აქვს გარკვეული დამანგრეველი ასპექტები, როცა ის ანგრევს არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. როდესაც ასეთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, მისი ნეგატიური მხარე ძალიან დიდ მასშტაბებს იძენს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს