მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბევერლის მკვიდრმა სკოლა 106 წლის ასაკში დაამთავრა.
ფრედ ბატლერისთვის საშუალო განათლების დიპლომის გადაცემის საზეიმო ცერემონიას ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. თავად ბატლერმა ღონისძიების ყველა მონაწილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღებულ ატესტატს აფასებს.
ბატლერი იძულებული გახდა სკოლა მეცხრე კლასში მიეტოვებინა. მან ტიპოგრაფიაში დაიწყო მუშაობა, რომ დედას ხუთი და-ძმის გამოკვებაში დახმარებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჯარში მსახურობდა, შემდეგ კი ქალაქის წყალმომარაგების დეპარტამენტში.
იგი მრავალი წლის განმავლობაში ნანობდა, რომ სკოლა არ დაამთავრა და შვილებსა და შვილიშვილებს სწავლის მნიშვნელობაზე გამუდმებით ესაუბრებოდა. ბატლერის ერთ-ერთი შვილიშვილის თქმით, ბაბუა მას ყოველ ხუთიანზე ხუთ დოლარს ჩუქნიდა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.