2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში კიდევ ერთი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს მოიცავს, ვინც არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ იყო უზრუნველყოფილი. ანუ, საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურებითა და გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობით. ამგვარად, დღეს საქართველოში პარალელურ რეჟიმში მოქმედებს სამი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა: 1. პროგრამა სოციალურად დაუცველების, პედაგოგების, დევნილების, მსახიობებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებისათვის; 2. პროგრამა 0-5 წლის ბავშვების, სტუდენტებისა და საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის; 3. ახალი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც არ სარგებლობს პირველი ორი პროგრამით და 2012 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით არ არის კერძო კომპანიაში დაზღვეული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ექსპერტი და კვლევის "ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში" ავტორი მიხეილ კუკავა ამბობს, რომ სამი პროგრამის თანაარსებობა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მათ სხვადასხვა ბენეფიციარები ჰყავთ.
"ამ პროგრამებიდან - ორს მზღვეველები ახორციელებენ, მესამეს კი, რომელიც ახლა დაიწყო და რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, თუმცა თავისი არსით მაინც დაზღვევას გულისხმობს, სოციალური მომსახურების სააგენტო მზღვეველების გარეშე ახორციელებს. ანუ, იქნებიან მომსახურების მიმწოდებლები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტო დაუდებს კონტრაქტებს და ამგვარად მცირდება ადმინისტრირების დანახარჯები. სამივეს რომ კერძო მზღვეველები ახორციელებდნენ, ერთი პროგრამის არსებობა უფრო ეფექტიანი იქნებოდა," - ამბობს კუკავა.
რას გულისხმობს და როგორ მუშაობს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტი
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე ბენეფიციარები მიიღებენ გეგმიურ და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებასა და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობისათვის ლიმიტის ზედა ზღვარი 15 ათასი ლარია. იმ კრიტიკული დაავადებებისა და შემთხვევების ნუსხა, რომელთა დროსაც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების დაფინანსებას, გაწერილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში.
ამავე დადგენილების მიხედვით, დაზღვეულს შეუძლია პირველივე ჯერზე სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტრაქტორ დაწესებულებებს შორის თავად აირჩიოს ის სამედიცინო დაწესებულება, (კერძო თუ სახელმწიფო), სადაც სურს მომსახურების მიღება. დაწესებულებაში მისვლის შემდეგ დაზღვეული გადის რეგისტრაციას და ამის შემდეგ ყველა მისთვის საჭირო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს ამ კონკრეტულ დაწესებულებაში. თუმცა, დაზღვეულს, უკმაყოფილების შემთხვევაში, აქვს უფლება მომსახურე სამედიცინო დაწესებულება ორ თვეში ერთხელ გამოცვალოს.
რაც შეეხება დაფინანსებას, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით განსაზღვრულ ჩვეულებრივი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, ექიმისა და ექთნის მიერ მოწოდებული მომსახურებისათვის სახელმწიფო ერთ მოსარგებლეზე კაპიტაციურად იხდის 0.86 თეთრს, რაც ნიშნავს, რომ ისარგებლებს თუ არა დაზღვეული კონკრეტული კონტრაქტორი დაწესებულების მომსახურებით, სახელმწიფო მას მაინც გადაუხდის აღნიშნულ თანხას. ამასთან, იგივე ჩვეულებრივი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში გაწეული ლაბორატორიული კვლევებისათვის ერთ მოსარგებლეზე, სახელმწიფო იხდის 0,25 ლარს.
"ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანებს ექიმის კონსულტაცია უფრო მეტად სჭირდებათ ვიდრე ლაბორატორიული ანალიზები. რაც შეეხება გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ამას სახელმწიფო დაზღვეულს შემთხვევის მიხედვით აუნაზღაურებს," - ამბობს კუკავა.
პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჯანდაცვის ახალი საყოველთაო პროგრამა არაერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ახალი სადაზღვევო პროგრამა მძიმე დაავადებებს, გეგმურ ოპერაციებსა და მედიკამენტებს არ აფინანსებს, მაშინ როცა სწორედ ეს პრობლემა აწუხებს ყველაზე ხშირად ქვეყნის მოსახლეობას. ჭიაბერაშვილი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება. მისი აზრით, თბილისის ამბულატორიები და პოლიკლინიკები ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიზიდონ და შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს კონკურენციის ნიადაგზე პაციენტების რაოდენობა შეუმცირდება.
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი, გიორგი გიგოლაშვილი ფიქრობს, რომ მართალია ჯანდაცვის ხუთლარიანი პაკეტი კარგ დაზღვევას არ გულისხმობს, მაგრამ იმ ფონზე, რომ პროგრამის ბენეფიციარებს საერთოდ არ ჰქონდათ არავითარი პოლისი, პროგრამა მაინც დადებით შეფასებას იმსახურებს.
"მიმაჩნია, რომ უნდა ვეძებოთ პლუსები ამ პროგრამაში, რადგან მინუსებზე ბევრი ვილაპარაკეთ და ის მინუსები, რაც წინა პროგრამებში იყო, აქ არ უნდა დავუშვათ. წინა პროგრამებისგან განსხვავებით ამ პროგრამაში ჩადებულია ერთი მომენტი და ამას მივესალმები. ჩემი სადაზღვევო ინსტიტუტის მოთხოვნა წლების მანძილზე იყო ის, რომ დაზღვეულს უნდა ჰქონოდა არჩევანის უფლება, თუ სად მიეღო სამედიცინო სერვისი. აქამდე ამას სადაზღვევო კომპანიები განსაზღვრავდნენ. ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ გამართული კონტრაქტებია დადებული ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რაც პირველ რიგში გამორიცხავს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ანგარიშსწორების პრობლემის წარმოქმნას, რაც ადრე იყო," - ამბობს გიგოლაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ეს პროგრამა სახელმწიფოსათვის უფრო ფართომასშტაბიან დაზღვევაზე გადასვლის მოსამზადებელი ეტაპია.
"როდესაც სახელმწიფო გეგმავს 4 მილიონ მოქალაქეს გადასცეს პოლისი, ამას სჭირდება სისტემის მზადყოფნა. მეორე ეტაპი იწყება 1 ივლისიდან, იქ უკვე თვეში 15 ლარი იქნება გადახდილი ერთ დაზღვეულზე. პირველი ივლისიდან უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ასე თუ ისე ყველაზე ხშირად მოთხოვნადი, ყველაზე მეტად გავრცელებული და ყველაზე მეტად პრობლემური დაავადებებისათვის შესაბამისი ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური ხარჯების დაფარვის პოლისი," - დასძენს გიგოლაშვილი.
დაზღვეულის მიერ სამედიცინო დაწესებულების არჩევანში თავისუფლებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს მიხეილ კუკავაც. თუმცა, თვლის, რომ ზოგადად ყველა ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ნაკლოვანებას გაიდლაინებისა და პროტოკოლების სიმცირე წარმოადგენს.
"გაიდლაინი არის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია დაავადება, ხოლო პროტოკოლში უკვე არის გაწერილი მისი მკურნალობის საფეხურები და ის, თუ რა მედიკამენტებით უნდა განხორციელდეს მკურნალობა და ა.შ. ჩვენ ამ დროისათვის 124 გაიდლაინი გვაქვს, 19-ით მეტი შარშანდელთან შედარებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ამ მხრივ, ძალიან ნელი ტემპით მივიწევთ წინ. არადა გაიდლაინების არსებობა დიდწილად მოაგვარებდა იმ დავებს, რაც შეიძლება წარმოიშვას სამედიცინო დაწესებულებებსა და მზღვეველებს შორის," - ამბობს კუკავა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარი გამოიყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, პროგრამის მეორე ეტაპზე, ჯანდაცვის უკვე საბაზისო პაკეტში მშობიარობის დაფინანსებაც იქნება გათვალისწინებული.
ანა ცხოვრებოვა