კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"

კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"

"თავისუფლების უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით", - წერს ბენდუქიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩნილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა, რიგ ჩამონათვალზე დაფიქსირდა ერობლივი პოზიცია და ისინი არ ჩაითვალა არსებით დარღვევებად, ხოლო რიგ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.

მორიგ არსებით დარღვევად ჩაითვალა სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე, განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. კერძოდ, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხებზე. დარღვევებს შორის ასევე დასახელდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

ამასთან, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

"ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.

სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.

მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს