იაპონელმა კონდიტერებმა ტოკიოს მოდების ჩვენებისთვის საკვებად ვარგისი ტანსაცმელი შექმნეს.
ტანსაცმლის, ფეხსაცმელის, თმის სამაგრებისა და აქსესუარების გემრიელი დეტალები ჩვენება Tokyo Sweets Collection-სთვის შეიქმნა, რომელიც იაპონიის დედაქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გაიმართა. ყველაზე მეტი ტკბილეული, როგორც წესი, მანეკენებს თავზე აქვთ. თმის სამაგრების დასამზადებლად კულინარებს ხილი, კენკრა და სხვა საკონდიტრო ნაწარმი არ დანანებიათ. საკვებად ვარგის კოლექციაზე ცხრა ცნობილი იაპონელი კონდიტერი მუშაობდა, მათ შორის კოიჩი იზუმი, ტოსიხო იოროზუკა და კე ოხასი. კონდიტერები ჩვენების ბოლოს პოდიუმზე მოდელებთან ერთად გავიდნენ.
ერთ-ერთმა კონდიტერმა აღიარა, რომ კოლექციის შემქნისას ნაწარმის გარეგნული მხარე უფრო ანაღვლებდა, ვიდრე მისი გემო. ყველა შემთხვევაში, გარდერობის საკვებად ვარგისი ნივთები გასაყიდად განკუთვნილი არაა და ჩვენების მიზანი იაპონელი კულინარების ხელობის წარმოჩენა იყო.
შოუ Tokyo Sweets Collection 2008 წლიდან ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები ცდილობენ, სტუმრები სიახლეებით გააოცონ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.