ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ვირი გაყიდა, რომელიც პოლიტიკოსის წინასაარჩევნო რგოლში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სახელმწიფო დუმაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟირინოვსკის თქმით, ვირი აუქციონზე გაიყვანა, რის შემდეგაც ფერმერს გადასცა. "მას უფასოდ ექვსი წელი ვაჭმევდი. ჩემზე კი ამბობდნენ: ცხოველები არ უყვარსო",- განაცხადა პოლიტიკოსმა. რამდენად გაყიდა ვირი, პოლიტიკოსმა არ გაამხილა.
ადრე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ცხოველების დამცველები აკრიტიკებდნენ, რომლებმაც მას წინასაარჩევნო რგოლის გადაღებისას ვირისადმი სასტიკად მოპყრობაში დასდეს ბრალი. 2012 წლის მარტში ყირიმელმა ფერმერმა ჟირინოვსკის სასამართლოში უჩივლა და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა. სევასტოპოლის სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ საჩივარი აუცილებლად მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას, მოსკოვში უნდა შეტანილიყო.
ვლადიმერ ჟირინოვსკის წინასაარჩევნო რგოლი, რომელშიც ვირი მონაწილეობს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში მომზადდა. კარდში პოლიტიკოსი ცხოველს რუსეთის სიმბოლოდ წარმოაჩენს, რომელიც "ძლივს მოძრაობს და სიარული არ შეუძლია". ამის შემდეგ ჟირინოვსკი ცხოველს რამდენჯერმე დაარტყამს.
2012 წლის თებერვალში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვირი მის აგარაკზე კომფორტულად ცხოვრობს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
ასევე იხილეთ:ჟირინოვსკიმ ვირს რუსეთი დაარქვა და გაამათრახა