ავსტრიული კომპანია Red Bull-ის პრეს-ცენტრის განცხადებით, უცნობი პირები კომპანიას ემუქრებოდნენ, რომ თუ მათ განსაზღვრული რაოდენობის თანხას არ გადაუხდიდნენ, ენერგეტიკული სასმელის ქილებს ფეკალიებით დააბინძურებდნენ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ბოროტმოქმედები კომპანიას მუქარის შემცველ ელექტრონულ წერილებს უგზავნიდნენ. მათში ნათქვამი იყო, რომ ისინი Red Bull-ის ქილების სახურავს ფეკალიებით დააბინძურებდნენ და მისი გახსნის დროს ფეკალიის ნაწილაკები თავად სასმელს შეერეოდა.
ბოროტმოქმედები კომპანიას ფულს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაფიქრის განხორციელებას დაიწყებდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, მათ წერდნენ, რომ ზოგიერთ გაყიდვის წერტილებში ქილები უკვე დააბინძურეს. მწარმოებლები აცხადებენ, რომ Red Bull-ის ქილები, რომლებიც დასახელებულ სავაჭრო ცენტრებში იყიდება, შეამოწმეს. შემოწმებას არანაირი სახიფათო მიკროორგანიზმები არ გამოუვლენია.
ზალცბურგის პროკურატურა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საქმეს იძიებს.
მომზადებულია Die Welt-ის მიხედვით.