ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"

ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"

ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიის კუთვნილებად იქცა კიდევ ერთი ექსცენტრიკული ლიდერის მმართველობის ეპოქა. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ტელევიზიით პირდაპირი მიმართვისას, მოსახლეობას დიდი მწუხარებით ამცნო, რომ 2013 წლის 5 მარტს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პირი, უგო ჩავესი. ჩავესის მოურჩენელი სენით დაავადება მადურომ ვენესუელის მტრებს, კერძოდ კი - ამერიკელ იმპერიალისტებს დააბრალა. გარდა ამისა, მან აშშ-ის ადმინისტრაციისგან, ვენესუელიდან ორი დიპლომატის გაწვევა მოითხოვა...

უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა. ონკოლოგიური დაავადების გარდა, მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა, რაც ინფექციით იყო გამოწვეული. სხვათა შორის, უგო ჩავესმა ჯერ კიდევ 2011 წლის 30 ივნისს თავად განაცხადა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული. მას შემდეგ მან კუბაში რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა.

თავდაპირველად, ჩავესის ტრადიციულად დაკრძალვა იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით ვენესუელის ხელისუფლებამ გარდაცვლილი ლიდერის უკვდავყოფა გადაწყვიტა; შედეგად, ჩავესის ბალზამირებულ გვამს მინის სარკოფაგში მოათავსებენ და რევოლუციის მუზეუმში დაასვენებენ. ამგვარად, იგი მშრომელთა ისეთი "ბელადების" გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს, როგორებიც იყვნენ ვლადიმირ ლენინი და მაო ძედუნი.

უგო ჩავესი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოირჩეოდა ექსცენტრიკული, ემოციური და ხშირად, კომიკური ქმედებებითა და განცხადებებით. მოგეხსენებათ, ის მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის მმართველთა რიგს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, სხვა არაერთი ცნობილი ლათინურამერიკელი პოლიტიკური ფიგურის მსგავსად, აშშ-თან ანტაგონისტურად იყო განწყობილი. "არ მეშინია, თუ აშშ ტერორისტს მიწოდებს, ეს კიდევ ერთი ზოლი იქნება ვეფხვის სხეულზე", - დასძინა ერთხელ ჩავესმა. მას ხომ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც ასევე ნეგატიურად არიან (ან იყვნენ) განწყობილნი აშშ-ის მიმართ, - სადამ ჰუსეინთან, მუამარ კადაფისთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან, ფიდელ კასტროსთან თუ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს გარემოება, პირდაპირ თუ ირიბად, უარყოფითად აისახა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე: რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ვენესუელა იმ ქვეყნების მცირერიცხოვან ჯგუფში აღმოჩნდა, რომლებმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს.

"ჩვენ ყველა ოდესმე დავიხოცებით, მაგრამ ფიდელ კასტრო იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს კვდებიან", - ამბობდა უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი, რომელიც 1954 წლის 28 ივლისს ვენესუელის შტატ ბარინასში მდებარე ქალაქ საბანეტაში დაიბადა. დედამისი, ელენა ფრიას დე ჩავესი იმედოვნებდა, რომ უგო სასულიერო მოღვაწე გახდებოდა. თავად, ვენესუელის მომავალი პრეზიდენტი კი პროფესიონალი ბეისბოლისტის კარიერაზე ოცნებობდა. სხვათა შორის, სპორტის ამ სახეობით ის სიცოცხლის ბოლომდე იყო გატაცებული.

1975 წელს უგო ჩავესმა ვენესუელის სამხედრო აკადემია უმცროსი ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ნაწილებში, ამიტომ მედესანტის წითელი ბერეტი მომავალში მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

1992 წლის 4 თებერვალს ვიცე-პოლკოვნიკმა ჩავესმა ვენესუელაში შექმნილი ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისითა და იმჟამინდელი მთავრობისადმი მოსახლეობის ნეგატიური განწყობით ისარგებლა და, უმცროსი ოფიცრების ჩინის მქონე სამხედროთა დახმარებით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს 17 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიჭრა. უკვე შუადღეს, ამბოხებულთა ლიდერმა დამარცხება აღიარა და ხელისუფლებას ჩაჰბარდა, რის შემდეგაც, ცხადია, ის და მისი არაერთი თანამებრძოლი ციხეში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, 2 წელიწადში ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა რაფაელ კალდერამ ჩავესი შეიწყალა.

გათავისუფლებისთანავე ჩავესი პოლიტიკაში ჩაერთო, ხოლო 1998 წლის ნოემბერში მისმა მხარდამჭერმა კოალიცია "პატრიოტულმა პოლუსმა" (კოალიციას ჩავესის პარტია - "მოძრაობა მეხუთე რესპუბლიკა" ლიდერობდა) საპარლამენტო არჩევნებში ხმების საერთო რაოდენობის 34% მიიღო. იმავე წელს ჩავესმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა (55%-ით), თუმცა ეროვნულ კონგრესში მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები კვლავ უმცირესობაში იმყოფებოდნენ.

2000 წელს, ვენესუელის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩატარებულ ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ჩავესმა და მისმა "მოძრაობა მეხუთე რესპუბლიკამ" წარმატებას მიაღწიეს. ხმების საერთო რაოდენობის 60%-ით ყოფილი მედესანტე კვლავ პრეზიდენტი გახდა, ხოლო მისმა პარტიამ საპარლამენტო 165 მანდატიდან 92 დაისაკუთრა.

2002 წლის 16 აპრილს კარაკასის მირაფლორესის მოედანზე ჩავესის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დღეში სამხედრო ამბოხებაც დაიწყო. სამხედროთა დაჯგუფებამ, რომელსაც კარაკასის მერი, პენი და ფეხოსანთა არმიის მეთაური, ვასკესი ხელმძღვანელობდნენ, პრეზიდენტი შეიპყრეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ის თანამდებობიდან გადადგა. სამხედრო გადატრიალებას მხარი დაუჭირა აშშ-ის ხელისუფლებამ.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თანდათან ძლიერდებოდა ხუნტის საწინააღმდეგო მოძრაობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტის გათავისუფლებასა და თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვდა, რამაც შედეგი გამოიღო. პუტჩისტები ვითარების გართულებას მოერიდნენ და ჩავესი პრეზიდენტის პოსტზე დააბრუნეს.

უგო ჩავესის რეჟიმს პრობლემები შემდგომშიც არაერთხელ შეექმნა, თუმცა იგი მაინც რჩებოდა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ამასთან, მჭიდრო კავშირები დაამყარა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან დაპირისპირებული სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა ერთობლივი ძალებით შესწინააღმდეგებოდნენ "ნეოიმპერიალიზმსა და გლობალიზაციას".

2006 წლის 20 სექტემბერს კი ვენესუელის სკანდალურმა მმართველმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ჯორჯ ბუშ-უმცროსს (აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს) საქვეყნოდ უწოდა ეშმაკი. 4 დეკემბერს ჩავესმა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიაღწია გამარჯვებას, ხოლო მოგვიანებით ვენესუელის უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო და ელექტროენერგეტიკული კომპანიების ნაციონალიზაცია განახორციელა (მანამდე ამ ორგანიზაციებს ამერიკული ფირმები აკონტროლებდნენ). ამ ფაქტის გამო ამერიკელმა მეწარმეებმა ვენესუელა დატოვეს. ასევე 2007 წელს "მემარცხენე იდეალებით" შეპყრობილმა ლიდერმა თავის ქვეყანას სახელი გადაარქვა და "ვენესუელის სოციალისტური რესპუბლიკა" უწოდა, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები გააუქმა, რათა "ხალხის მასებიდან გამოსული, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის" სწავლა-განათლების მიღება გაეადვილებინა. "ყოველთვის ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ მარსზე ცივილიზაცია არსებობდა, მაგრამ იქ კაპიტალისტები მივიდნენ, იმპერიალისტები მივიდნენ და პლანეტა დაღუპეს", - უთქვამს ერთხელ მას.

უგო ჩავესი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ცოლს, ნენსი კოლმენარესს ის 1992 წელს გაეყარა. მისი მეორე მეუღლე კი ჟურნალისტი მარისაბელ როდრიგეს ოროპესა გახლდათ, რომელთანაც 2002 წელს განქორწინდა. დარჩა 5 შვილი - 4 პირველი, ხოლო ერთი - მეორე ქორწინებიდან.

უგო ჩავესი ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, გატაცებული იყო ფერწერით; ლიტერატურით, კითხულობდა ისტორიულ, ფილოსოფიურ წიგნებს. 2007 წლის მიწურულს გამოსცა სიმღერების კრებული, რომელშიც თავად პრეზიდენტის მიერ სპეციალურ ტელე და რადიოგადაცემებში მონაწილეობისას შესრულებული ვენესუელური და მექსიკური ნაწარმოებები შევიდა.

ნიშანდობლივია შეფასებები, რომელიც უგო ჩავესის ამ ქვეყნიდან წასვლას მსოფლიო ლიდერებმა გააკეთეს განურჩევლად იმისა, მათ მტრებად მიიჩნევდა თუ - მოყვრებად.

ბარაკ ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი): "ამ რთულ პერიოდში, როდესაც ცხოვრებიდან წავიდა უგო ჩავესი, აშშ კვლავაც ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს და დაინტერესებულია, ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებით. მაშინ, როდესაც ვენესუელა თავისი ისტორიის ახალი თავის დაწერისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება დემოკრატიული პრინციპების განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ერთგულად".

მაჰმუდ აჰმადინეჟადი (ირანის პრეზიდენტი): "ის საეჭვო დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მან თავისი სიცოცხლე ქვეყნის განვითარებას და მისი მოსახლეობის გათავისუფლებას შესწირა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ისევე დაბრუნდება, როგორც კეთილისმყოფელი იესო, როგორც თანამედროვე ადამიანი".

ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელორუსიის პრეზიდენტი): "ჩვენი გულები სამწუხარო ცნობამ დაკოდა - ამ ქვეყნიდან წავიდა უახლოესი, საიმედო მეგობარი, ჩვენი ძმა, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის პრეზიდენტი, უგო ჩავეს ფრიასი. ცრემლებს ვერ ვიკავებთ და ვენესუელელ ხალხთან ერთად ვგლოვობთ, ვტირით უგო ჩავესის უდროო გარდაცვალების გამო, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, შეუდრეკელი გმირი, მგზნებარე პატრიოტი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, გამორჩეული პოლიტიკოსი, მოაზროვნე და ორატორი, ხალასი, ძლიერი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო. მან ხომ მთელი თავისი სიცოცხლე სამშობლოს უანგარო სამსახურს მიუძღვნა".

პან გი მუნი (გაეროს გენერალური მდივანი): "დამწუხრებული ვარ ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი უდიდებულესობის, ბატონი უგო რაფაელ ჩავეს ფრიასის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობით. ის ახალი რეგიონული ინტეგრაციული მოძრაობების ლიდერად გვევლინებოდა, რაც ლათინური ამერიკის რეალურ ხედვაზე, ნახევარსფეროს წარმომადგენელ ხალხთა სოლიდარობის დემონსტრირებაზე იყო დაფუძნებული".

ვლადიმირ ჟირინოვსკი (რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი): "ჩავესის სიკვდილის გამო ძალიან განვიცდით. ის რუსეთში არაერთხელ ყოფილა, ერთმანეთს შევხვედრივართ. მე მას მაღალი შეფასება მივეცი და 21-ე საუკუნის პლანეტის საუკეთესო პრეზიდენტიც კი ვუწოდე".

ტაიმურაზ მამსუროვი (ჩრდილო ოსეთის ლიდერი): "არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ვენესუელა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა".

ოტო რაიჰი (აშშ-ის ელჩი ვენესუელაში 1986-1989 წლებში): "ბატონი ჩავესის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ აშშ ლათინურ ამერიკაში კიდევ უფრო კარგ სიტუაციაში აღმოჩნდება".

ედ როისი (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი): "უგო ჩავესი ტირანი იყო, რომელიც ვენესუელელ ხალხს შიშში აცხოვრებდა. მისი სიკვდილი სამხრეთ ამერიკაში მემარცხენე ლიდერების ანტიამერიკულ ალიანსზე დარტყმაა. დიქტატორისაგან თავის დაღწევა კარგია".

როგორც ამ შეფასებებიდან ჩანს, უგო ჩავესი მართლაც წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ფიგურა იყო. თუმცა მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ავტორიტარული მმართველობის პირმშოცა და "ღირსეული" გამგრძელებელიც გახლდათ. სწორედ ამიტომ, ვერავინ იტყვის - რამდენად გულწრფელია ცრემლები, რომელსაც ამ დღეებში, უგო ჩავესის გარდაცვალების გამო ათასობით ვენესუელელი მოქალაქე ღვრის. უფრო სწორად, ამ ათასობით ადამიანის რა პროცენტი დასტირის საყვარელ ლიდერს გულწრფელად და მოსახლეობის რა ნაწილი სჩადის ამას მხოლოდ სხვისი თვალის დასანახავად. ასეთია ნებისმიერი ანტიდემოკრატიული რეჟიმის არსი - მის მოქალაქეებს წართმეული აქვთ საკუთარი აზრისა და გრძნობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ლუკაშენკო მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ავტომატით შეიარაღებული მივიდა

თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა