როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და სავალალო შედეგები სულ უფრო ხშირად გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები ეკოსისტემის დაცვას უპირველეს მიზნად არ გაიხდიან, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ. როგორ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო? საიდან მივიღოთ სითბო, სინათლე? რა ვუყოთ საწვავის გამონაბოლქვს? საფიქრალია ისიც, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე, როგორ მოვახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობას.

ნოდარ ცერცვაძე, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ხშირად ვამბობთ: დალოცვილი მიწა-წყალი გვაქვს, რა გინდა, რომ აქ არ იყოს! თუმცა ხშირად ამ ფრაზას მოვაყოლებთ ხოლმე: რად გინდა, სათანადოდ ვერაფერს ვიყენებთ... მართლაც აუწონავ-განუზომელი მიწისზედა და მიწისქვეშა სიმდიდრე გაგვაჩნია, რომლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს თუ ვიყენებთ ხალხის სასიკეთოდ.

ატმოსფერული ნალექების სიუხვე, ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე, რელიეფის ძლიერი დანაწევრება, წყალშემცველი ქანების შედგენილობის მრავალფეროვნება და ტერიტორიის რთული გეოლოგიური აგებულება - ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსებით სიმდიდრეს. საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 მდინარეა, რომელთა სათავე მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის წყაროა, მიწის ზედაპირზე კი 1 500 მინერალური და თერმული (30-1120C) წყალი ამოდის.

მიწისქვეშა წყლების ძირითადი ნაწილი (დღე-ღამეში 50 მლნ კუბმეტრი) მტკნარი სასმელი წყალია. მათი რესურსის გამოყენების შესაძლებლობა 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მოთხოვნილებას. მტკნარ წყლებს უმთავრესად იყენებენ სასმელ-სამეურნეო მიზნით, მაგრამ მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის გამო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ წყლების სამრეწველო ჩამოსხმა. ჩვენი მტკნარი წყლების სიუხვე საშუალებას იძლევა, წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში...

- რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას თერმული წყლები (იგულისხმება მიწისქვეშა ცხელი წყლები, რომლის ტემპერატურაა 30-1120C)?

- თერმული წყალი არის თბომატარებელი, რომელსაც დედამიწის სიღრმული სითბო ამოაქვს ზედაპირზე. მას გეოთერმულ წყალსაც უწოდებენ. მიწის სიღრმული სითბო და მისი ამომტანი თერმული წყლები, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გეოთერმული სითბო ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი განახლებადი ენერგიის წყაროა. (ენერგიის განახლებადი წყაროებია: ქარის, მზის, ზღვის ტალღების ენერგია, მცირე მდინარეები და ბიომასა) ის შეიძლება უმთავრესი გახდეს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში...

- თერმულ წყლებს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ, არსებობდა აბანოები...

- მართალია, მათი გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდებოდა. თბილისის დაარსების ლეგენდაც კი ამ წყლებს უკავშირდება.

სითბური ენერგიის წყაროდ გეოთერმული წყლების ფართო გამოყენება დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მას შეუძლია ქვეყნის მრეწველობისთვის საჭირო იმპორტული და ძვირად ღირებული საწვავის ჩანაცვლება. დღესდღეობით, ჩვენი გეოთერმული წყლების გამოსავლების ჯამური დებეტი დღე-ღამეში 200 ათას კუბმეტრს შეადგენს. მათგან 90 ათასი კუბმეტრი მაღალი კატეგორიის საექსპლუატაციო მარაგია, რაც სპეციალური კომისიის მიერაა დამტკიცებული. ეს გეოთერმული გამოსავლები თავმოყრილია 44 საბადოში. 1975 წლიდან 1992 წლამდე საქართველოში გახსნეს თერმული წყლის 20-მდე ახალი საბადო. წყლის სიუხვითა და მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა კინდღის, მოქვის, ოხურეის, ზუგდიდის, ცაიშის, დასავლეთ ცაიშის, მენჯის, სამტრედიის, ვანის და აგარის საბადოები... მათ იყენებდნენ, მაგრამ ასეთი სისტემით:

ჭაბურღილი-მომხმარებელი-კანალიზაცია... ეს თვითდენას აჩერებს და იწვევს საბადოს დაშრობას. ამ დროს კი ჩვენ შეგვიძლია ეფექტიანი სისტემის დანერგვა: ნახმარი - სითბომოხსნილი წყლის ისევ წყალშემცველ ფენებში ჩატუმბვა.

ასეთი გეოთერმული სადგურის (გეოთესის) თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება(!).

დასავლეთ საქართველოში ჭაბურღილებზე გეოთესების მოწყობით შეიძლება სოხუმის, ოჩამჩირის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის თბომომარაგებით დაკმაყოფილება. აღმოსავლეთ საქართველოში გეოთერმული სითბოს ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი თბილისია. სხვათა შორის, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე გეოთერმული წყალი მიეწოდება საბურთალოს რამდენიმე მიკრორაიონს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ