როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

როგორ მოვუაროთ სხვადსხვა ტიპის სახის კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს სახის კანს და როგორ მოვუაროთ მას, ამის შესახებ ექიმი კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვესაუბრება:

- ქალბატონო ინგა, რას ნიშნავს ტერმინი "პრობლემური კანი"?

- კანი პრობლემურია ჭარბი ფერიმჭამელების, ხშირი დამუწუკებისა და ტალების შემთხვევაში. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

- არსებობს მოსაზრება, თითქოს მზე ფერიმჭამელებს აქრობს.

- პირიქით, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მზეს მაქსიმალურად ერიდეთ! პრობლემური კანი ხშირად უნდა დაიბანოთ, ოღონდ გრილი წყლით, რადგან ცხელი წყალი ფორებს აფართოებს და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს. კანი კვირაში რამდენჯერმე გაიწმინდეთ სალბისა და კალენდულას ნაყენით. ის ანთებით პროცესს აქრობს და კანს ამშვიდებს. სპირტიანმა ლოსიონმა და საპონმა კი კანი შეიძლება უფრო დააზიანოს. საზოგადოდ, დატენიანებული კანი ანთებას უფრო იოლად უმკლავდება. ცხიმიანი კანისთვის მარილიანი წყლის აბაზანებიც მნიშვნელოვანია. მართალია, დატენიანება სასარგებლოა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი, ასაკი, აკნეს (თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია) არსებობა-არარსებობა, კლიმატი და სხვა ფაქტორები. თავდაპირველად განსაზღვრეთ, სჭირდება თუ არა თქვენს კანს დანოტივება, ამისთვის ჩაატარეთ მარტივი ცდა - დაბანისა და გამშრალების შემდეგ სახეზე არაფერი წაისვათ, თუკი ათიოდე წუთში სახე დაგეჭიმათ, უთუოდ დაინოტივეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ კანი იოლად გიღიზიანდებათ, დამანოტივებელი საცხი არ უნდა შეიცავდეს საღებავებსა და არომატულ კომპონენტებს.

- რას იტყოდით მშრალ კანზე?

- მშრალი კანის მქონე ქალებს საბავშვო ზეთის წასმას ვურჩევ. ის არანაკლებ ეფექტიანად ატენიანებს კანს, გაცილებით მეტხანს რჩება მასზე და ხელს უშლის წყლის აორთქლებას.

- ქალების უმეტესობა სახეს საპნით იბანს.

- სახის კანზე აგრესიულად მოქმედებს ზოგიერთი საპონი, ამიტომ უპირატესობა რბილ, კრემის შემცველ საპნებს ენიჭება. განსაკუთრებით სათუთად უნდა მოეპყრან ქალები თვალების ირგვლივ კანს. კოსმეტიკის მოსაცილებლად სპეციალური ბამბის ფთილები უნდა გამოიყენონ, დაბანის შემდეგ კი სახე რბილი პირსახოცით გაიმშრალონ. პირსახოცი ნაზად მიიდეთ სახეზე და ტენის შეწოვა დააცადეთ. სასურველია, კანი ოდნავ ტენიანი დარჩეს, გამშრალების შემდეგ დანოტივება კი ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

არ დაივიწყოთ მკვებავი საცხებიც. ზაფხულში მკვებავი საცხის კვირაში ორჯერ წასმა საკმარისია, მაგრამ ძილის წინ კრემი ხელსახოცით შეიმშრალეთ. დილით სახე უმჯობესია, ცივი წყლით დაიბანოთ, ცივი აბაზანა სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს და კანს გამოაცოცხლებს. თუ ცივი წყლით დაბანის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ კანი დაგეჭიმათ, დღის მკვებავი წაისვით, მაგრამ ვიდრე კრემი ბოლომდე არ შეგაშრებათ, მზეზე არ გახვიდეთ. ცნობილია, რომ კანზე მზე და ქარი უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მზის გულზე სიარულს თავი არიდეთ, ქარიან ამინდში კი შინ დაბრუნებისთანავე სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ და კვლავ საცხი წაისვით. თუ ამ რჩევებიდან რამდენიმეს მაინც გაითვალისწინებთ, თქვენი კანი დიდხანს შეინარჩუნებს ჯანსაღ იერსა და ფერს.

ყველასთვის ცნობილი კიტრის ნიღაბი კანის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ. გაფცქვნილი კიტრის კანი უნდა წაისვათ სახეზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანოთ. მაწონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, უმჯობესია ცივი და ოდნავ მჟავე. ერთი ჩაის კოვზი მაწონი ბამბის ქულით წაისვით სახეზე და კარგად რომ შეგაშრებათ, ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი დაგეჭიმათ, დღის საცხით დაანოტივეთ. მაშინვე მიხვდებით, როგორ დაისვენებს და "გაცოცხლდება" თქვენი სახე. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედაპირული მოვლის გარდა, ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად კანს მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი საკვები სჭირდება.

- განსაკუთრებით რომელ საკვებს გამოყოფდით?

- კანისთვის მნიშვნელოვანია A ვიტამინი, რომელიც ბევრია ღვიძლში, კვერცხში, რძეში, ტკბილ კარტოფილში, ფორთოხალში, წითელ ყურძენში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში. A ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მონაწილეობს ქსოვილების, მათ შორის კანის (არა მარტო სახის) აღდგენაში. მნიშვნელოვანია E ვიტამინიც, რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ზეთი, ნუში, ვაშლი, მარცვლეული, ასევე არაქისი, წიწაკა. E ვიტამინიც ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის დაბერების პროცესს ანელებს. კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა C და B ჯგუფის ვიტამინებიც. ასე რომ, კოსმეტიკური საშუალებების გარდა, რომლებიც კანს ვიტამინებით ამარაგებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინები და ცილოვანი ნივთიერებები საკვების მეშვეობითაც უნდა მივიღოთ.

ნიღბები მშრალი კანისთვის

კარტოფილის ნიღაბი - კარტოფილის ნიღაბი სახეს აცოცხლებს და ხსნის დაღლილობას. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. მოხარშული, უმარილო ცხელი კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და ცოტა რძე. მიღებული ნიღაბი-ფაფა (ვიდრე თბილია) დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით.

რძის ნიღაბი - აურიეთ ერთი სუფრის კოვზი მაწონი და ერთი კვერცხის გული. დაუმატეთ ნახევარი კოვზი თაფლი და პიტნის ეთერული ზეთის ერთი წვეთი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ შესაძლოა სახე ოდნავ შეგიწითლდეთ, მაგრამ ეს კანის ნორმალური რეაქციაა ეთერზეთზე. შემდეგ დაგიწყნარდებათ და დაგირბილდებათ. ეს ნიღაბი სისხლის მიმოქცევასაც აძლიერებს და სახეს ჯანსაღ იერს აძლევს.

ლიკა კერატიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს