ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ნუნუ გაბუნიას სიმღერებს დღეს ბევრი მღერის. ის თბილისის საპატიო მოქალაქეა. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. წლების წინ, როცა მომავალი კომპოზიტორი სკოლაში სწავლობდა და არავინ იცოდა, რა მომავალი ექნებოდა, სადედამთილოს მაინცდამაინც არ მოსწონდა, რადგან ღარიბი იყო.

როდის შეასრულეს პირველად მისი სიმღერა

-  ოჯახური სურათი ნორიოს ღვთაების მონასტერში გვაქვს გადაღებული. დედას ლუბა ერქვა, გვარად დიასამიძე გახლდათ. ლუბა ბაბუაჩემმა რატომ დაარქვა, ვერ ვხვდები. ალბათ ვინმე რუსი ლუბა მოსწონდა. დედა იმერელი დიასამიძეა, მამა - აჭარაში, ბათუმში დაიბადა. ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ. დედა სამედიცინოზე სწავლობდა.

-  მამას რა პროფესია ჰქონდა?

-  მამა ჯერ ლენინგრადში სწავლობდა გეოგრაფიის ფაკულტეტზე. მერე თბილისში ჩამოვიდა და უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მამა პირველ კურსზე იყო, დედა რომ გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. მამა ძალიან ადრე, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. "პროფკავშირის" დირექტორის მოადგილე იყო. პიონერთა ბანაკებში ჩვენთვის ერთი ოთახი იყო გამოყოფილი. ნორიოში ვისვენებდით მე, დედა და ჩემი ძმა. ერთ საღამოს დედამ ცაზე ძალიან ახლოს ვარსკვლავი დაინახა, მოულოდნელად ვარსკვლავი ცას მოსწყდა. შემდეგ ერთმა მონაზონმა უთხრა, მალე სასიხარულო ამბავს გაიგებ, მაგრამ სიხარულს ნაღველი შეცვლისო. მართლაც, შაბათს მამა ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ლატარიის ბილეთით 5000 მანეთი მოვიგეთ. იმ პერიოდში ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ის თანხა მამას მკურნალობაზე დაიხარჯა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ უშველეს.

-  სად იზრდებოდით?

-  თბილისში. ოპერის გვერდით ვცხოვრობდით. ფოტო სამამულო ომის დროს მაქვს გადაღებული. დიდი წითელი ბაფთა მიკეთია. მაშინ დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი.

-  სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

-  დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი, როდესაც პირველად პიონერული სიმღერა დავწერე. სკოლაში გუნდის მასწავლებელმა რომ მოისმინა ჩემი სიმღერა, მთელ გუნდს ასწავლა. მერე სკოლაში ჩემზე ამბობდნენ, კომპოზიტორიაო. თავი მართლა კომპოზიტორი მეგონა, რადგან ჩემს სიმღერას მღეროდნენ და ვიპრანჭებოდი. კლასელებთან ერთად სურათი მესამე კლასში მაქვს გადაღებული. მაშინ ტა­ნად დიდი ვიყავი. ფოტოზე ბოლო რიგში ვდგავარ და ყველაზე მაღალი ვარ, როგორც ხედავთ.

-  როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე იყავით, რომ გათხოვდით.

-  აპრილში გავთხოვდი და ივნისში სკოლა დავამთავრე.

რატომ ვერ ხედავს ვერასდროს ლეილა აბაშიძეს

-  მეუღლესთან, გოჩა აბაშიძესთან ერთად

ფოტო სად გაქვთ გადაღებული?

-  მუშტაიდის ბაღში. მაშინ იღებდნენ ფილმს "ჩვენი ეზო". გოჩა ფილმში ისეთ ბიჭს თამაშობს, სხვადასხვა გოგო რომ მოსწონს. ფილმში მის ოთახს რომ აჩვენებენ, კედელზე სხვადასხვა გოგოსთან გადაღებული ფოტოებია და მათ შორის ეს და ჩვენი კიდევ რამდენიმე ფოტო ჩანს. ამ დროს ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით.

-  მაშინ სკოლის მოს­წავლეები ძალიან იშვი­­ათად თხოვდებოდნენ.

-  გოჩაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ. ის მხოლოდ ჩემი მეგობარი იყო. მის გარდა სულ მეგობარი გოგონები მყავდა. გოჩა სრულიად შემთხვევით ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. მაშინ კიდევ რამდენიმე მსახიობი გავიცანი. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე ცოცხალი კინომსახიობები. მიუხედავად იმისა, რომ დედა რუსთაველის თეატრში მუშაობდა და მე ამ თეატრის მუდმივი მაყურებელი ვიყავი, კინომსახიობი პირადად არასდროს გამიცნია. დაბადების დღის შემდეგ სახლში გამოგვაცილეს. მეორე დღეს გოჩა სახლში მოგვადგა. გაოცებული ვიყავი, გუშინ გავიცანი და დღეს სახლში როგორ მოვიდა-მეთქი. დედა ამ ამბის გამო აღშფოთებული იყო, მაგრამ გოჩა ძალიან კონტაქტური და უშუალო იყო. ჩემთან რომ მოდიოდა, მთელ მეზობლებს მოიკითხავდა. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი. გოჩამ წამიყვანა პირველად ნანი ბრეგვაძესთან სტუმრად. ნანი მაშინ გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. პაწაწინა ოთახი ჰქონდა, სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. იქ ვნახე თამაზ ტოგონიძე და ძალიან მომეწონა. ვიცოდი, რომ მას უკვე იღებდნენ "ცისკარაში". გოჩა ჩემთვის მეგობარი იყო და ვუთხარი კიდეც, რომ თამაზი მომეწონა. გადაირია. სავარაუდოდ, მიხვდა, რომ თამაზსაც მოვეწონე და ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება მალე დავქორწინებულიყავით. გოჩა ძალიან უბედური ბიჭი იყო. მამა გადასახლებული ჰყავდა. როგორც იქნა, ავადმყოფობის გამო გამოუშვეს. სახლში კი ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა. მეგობარს, რომელსაც თავისი ოჯახი ჩააბარა, ჩემს დედამთილთან რომანი ჰქონდა. ჩემი დედამთილი იმ კაცთან იყო წასული. ეს ამბავი გოჩას მამამ ცოლს შვილების გულისთვის აპატია (გოჩას ძმა ჰყავს, რომელიც ახლაც ცოცხალია), მაგრამ ჩემი დედამთილი არ დაუბრუნდა. გოჩას მამა მალე გარდაიცვალა. ჩემმა დედამთილმა და მისმა მეორე ქმარმა მხოლოდ გოჩას სიკვდილის შემდეგ მოაწერეს ხელი. გოჩას ძმა უფრო ურთიერთობდა მამინაცვალთან. გოჩას მეგობრები ეუბნებოდნენ, შენი მამის მკვლელს როგორ უშვებ სახლშიო. გოჩას დედა ძალიან უყვარდა, ის მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მამინაცვალი ვერ მიიღო.

-  შემდეგი ფო­ტო სად გაქვთ გადა­ღებული? თქვენ აქ უკ­ვე ქალიშვილი გყავთ.

-  მანანა აქ ძალიან პატარაა. ფოტო "მაია წყნეთელის" გადაღებების დროსაა გადაღებული. მანანამ ფეხი სწორედ ამ გადაღებებზე გორში აიდგა.

-  თითქოს თქვე­ნსა და გოჩას შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გოჩას თქვენი მეგობარი შეუყვარდა. ლეილა აბაშიძე...

- ლეილა და გოჩა მარტო მოგვარეები არ ყოფილან. დედის და მამის მხრიდან ნათესავები იყვნენ. ლეილასთან მართლა ძალიან ვმეგობრობდი. ჩემს თავს ყველას აცნობდა, როგორც რძალს. ჩემი მული იყო და მიხაროდა, რომ "ჭრიჭინა" ჩემი ასეთი ახლობელი იყო. მერე სულ ვამბობდი, კაცებზე ამბობენ, რომ ცოლებს ღალატობენ და გასაგებია, მაგრამ ლეილამ მე როგორ მიღალატა-მეთქი.

-  როგორც ვიცი, დედამთილი მათ ემხრობოდა.

-  დედამთილს ვერც გავამტყუნებ. მე ძალიან პატარა ვიყავი, მამა არ მყავდა. დედას ჩემთვის ბევრი, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დედამთილმა რომ გაიგო, გოჩას ვიღაც მოსწონდა და მნახა, მაინცდამაინც არ მოვეწონე. მამაჩემის ავადმყოფობას, ფაქტობრივად, ყველაფერი დასჭირდა. სახლში აღარაფერი აღარ გვქონდა დარჩენილი. ალბათ ფიქრობდა, რად მინდა ეს ღარიბი გოგო, როდესაც სადღაც ვარ ნაქირავებში იმ კაცთან ერთად, რომელიც მიყვარს და გაჭირვებული ოჯახის შვილი რაში მჭირდებაო. ჩემი ნიჭი ნაკლებად აინტერესებდა. თან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ან ვიქნებოდი წარმატებული, ან - არა. ცხადია, რძლად არ მოვეწონე. იქვე მის მეზობლად ცხოვრობდა ექიმი, რომელიც შეძლებული იყო და მისი ქალიშვილი გოჩაზე იყო შეყვარებული.

-  ე.ი. დედამთილმა თავიდანვე ცუდი თვალით შემოგხედათ.

-  რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ლეილა კი უკვე ცნობილი მსახობი იყო. მერე რა, თუ ის გოჩაზე თერთმეტი წლით უფროსი იყო. მერე რა, რომ ისინი ნათესავები იყვნენ. ჩემმა დედამთილმა მითხრა, მე რა, ცუდი შვილები მყავს, ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო და მეც აბაშიძე ვარ, მაგრამ მშვენიერი შვილები მყავსო... "მაია წყნეთელის" გადაღებებზე გოჩა ძალიან ცუდად გახდა. თელავში გადაღებებზე ჩავედი. საშინელება იყო. მეგონა, გოჩა მკვდარი დამხვდებოდა. ექიმებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. სისხლი ეწამლებოდა. გადაღებების დროს ცხენზე იჯდა, ცხენი დაფრთხა და სადავე რომ მოქაჩა, ძალაუნებურად დამბაჩას გამოჰკრა ხელი. საფანტი მაჯასთან იყო დაგროვილი. ექიმები ჭრილობას უსუფთავებდნენ, მაგრამ სისხლი ეწამლებოდა. ბოლოს მიხვდნენ, რომ სადაც საფანტი იყო, იმ ადგილას უნდა გაეჭრათ და ასე გამოვიდა მდგომარეობიდან. სანამ მივიდოდი, ლეილამ თავის ოთახში გადაიყვანა და უვლიდა. როგორც მოუარა, ყველამ და მათ შორის მეც ვნახე. გადაღებებზე რომ ჩავედი, ერთ ოთახში იყვნენ. მიუხედავად ამისა, ლეილა საოცრად კარგად შემხვდა. მერე მსახიობები მიყვებოდნენ, გაოცებულები ვიყავით, როგორ თბილად გელაპარაკებოდაო.

-  მერე, როგორც ვიცი, გოჩა აბაშიძემ საწამლავი დალია და თავი მოიკლა.

-  მე და გოჩა ოფიციალურად გაცილებული არ ვიყავით. გამოვიდა, რომ ქვრივი ვარ, არადა, ეს სიტყვა საშინლად მეზიზღებოდა. მაშინ ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ლეილას გამო მოიკლა თავი. გოჩას სიკვდილს ლეილას ვერ დავაბრალებ. გოჩას მანქანა ჰყავდა, რომელიც იმ იმედით იყიდა, რომ "თეთრ ქარავანში" უნდა გადაეღოთ. უკვე დამტკიცებული იყო როლზე. იფიქრა, მანქანას ვიყიდი და ფილმის შემდეგ ჰონორარს რომ ავიღებ, მერე გადავიხდი მთლიანად მანქანის ფულსო. ვიღაც კაცი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, მანქანას მე გავიფორმებო და თანხის ნაწილი გადაიხადა. ამ დროს უკვე სახლში ვიყავი წამოსული. დედამთილი ქმართან ერთად იმ ბინაში გადასახლდა, სადაც მე და გოჩა ვიყავით. ალბათ იფიქრა, არ ჩავსახლებულიყავი. არადა, მე სად მქონდა ამის თავი. მამინაცვალთან გოჩას თურმე სულ ომი ჰქონდა. იმ კაცმა, ვინც მანქანა წაიყვანა, ფულის ნაწილი დატოვა, დაახლოებით 35 ათასი მანეთი. მოგვიანებით თქვა, ვერ გავიფორმეო და მანქანა დაუბრუნა. ფული კი გოჩამ დედამისს მიაბარა, არ დამეხარჯოსო. დედამისმა კი ბოლო კაპიკებამდე დახარჯა. მერე თქვა, ვიფიქრე, სანამ ფილმს გადაიღებდნენ, ფულს მოვაგროვებდიო. არ მუშაობდა არც თვითონ და არც მისი ქმარი და რით მოუგროვებდა, კაცმა არ იცის. ფაქტი ის იყო, რომ ფული აღარ იყო, რომელიც უნდა დაებრუნებინათ. გოჩა კინოსტუდიაში რომ მივიდა, სანამ დირექტორთან შევიდოდა, ელდარ შენგელაიას შეხვდა, რომელიც "თეთრ ქარავანს" იღებდა და მან უთხრა, როლიდან მოხსნილი ხარო. გოჩა თამამიც იყო და ხანდახან ცოტა უზრდელიც. როგორც ამბობენ, ელდართან რაღაც შეეშალა, მაგრამ ელდარს არ ვამტყუნებ. შეიძლება, მან იმედა კახიანში დაინახა ის ტიპაჟი, რომელიც როლისთვის გამოადგებოდა. გოჩა კინოსტუდიის დირექტორთან შევიდა. მერე მდივანი ჰყვებოდა, რომ შევედი, დირექტორის პასუხი მოვისმინე, რომელიც ამბობდა, შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და მას არავინ გაჰყოლიაო. ეტყობა, გოჩამ უთხრა, თავს მოვიკლავო. დირექტორის პასუხის მერე გოჩა გიჟივით გამოვარდნილა კაბინეტიდან. ზუსტად იმ დროს დევი აბაშიძე და ლეილა აბაშიძე მივიდნენ დირექტორთან. მერე დევი აბაშიძე ჰყვებოდა, მდივანმა გვითხრა, მიხედეთ ამ ბიჭს, მართლა თავი არ მოიკლასო. დევის ლეილასთვის უთხოვია, გეხვეწები, გაჰყევიო. ლეილამ გოჩას სახლში მიაკითხა. მერე გოჩა ამბობდა, სიკვდილი რომ მნდომებოდა, სადმე გადავიჩეხებოდიო. სახლში ერთი ძირი ვაზი ედგათ და მის შესაწამლად შაბიამანი ჰქონდათ. არ ვიცი, სახლში მისულმა დედამისი შეაშინა თუ კინოსტუდია, მაგრამ ის შაბიამანი დალია. ლეილამ რამდენჯერმე შეუგზავნა ვიღაც ბიჭი, უთხარი, გარეთ გამოვიდესო, მაგრამ არ გავიდა. მისი გადარჩენა შეიძლებოდა, ექიმებს რომ დროზე გაეჭრათ. შეიძლება ინვალიდი ყოფილიყო, მაგრამ იცოცხლებდა. ექიმები ეკითხებოდნენ, კრისტალები დალიეო? რა იცოდა მან, კრისტალი დალია თუ არა... რვა დღე იცოცხლა. ექიმები უბრალოდ კუჭს ურეცხავდნენ და ამორეცხვის დროს კრისტალები იხსნებოდა. სიკვდილის წინა დღეს მეგობრები იყვნენ მის სანახავად და უმღერია კიდეც. მაშინ უთქვამს, რომ მცოდნოდა, ასე მეტკინებოდა, იმას რა დამალევინებდაო. სიკვდილზე არც უფიქრია. მაშინ გოჩა 24 წლის იყო. მისი მეგობრები მეუბნებოდნენ, უნდა წამოხვიდე პანაშვიდზეო. არ წავედი, მაგრამ სახლში რომ მოასვენეს, მაშინ მივედი. მერე არ გამოვემშვიდობე. უამრავი ხალხი იყო და ყველას აინტერესებდა, რატომ არ ვიყავი, კითხულობდნენ, ცოლი სადააო. ალბათ კარგად მოვიქეცი, რომ არ მივედი.

-  ლეილა აბაშიძეს აღარ შეხვედრიხართ?

-  ხელოვანი ხალხი ვართ. შემთხვევით რაიმე ღონისძიებაზე ერთად მოვხვედრილვართ. ერთხელ "გეპეიში" რაღაც საღამო იყო, რომლის მერე ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. მაშინ თქვა ლეილამ, ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო, რაზეც ბორის წიფურია აღფრთოვანდა, ეს რა თქვიო. მას მერე სადმე შემთხვევით რომ ვხვდებით, შემომხედავს ხოლმე და მე ვერ ვხედავ.

რა აჩუქა მიხეილ ჭიაურელმა

-  როგორც ვიცი, პირადი პრობლემების მიუხედავად, კონსერვა­ტორია წარმატებით და­ა­მთავრეთ.

-  რა თქმა უნდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. კონსერვატორია ის ადგილი იყო, სადაც ყოველთვის მინდოდა სწავლა. შემდეგ ფოტოზე კონსერვატორიის კურსელებთან ერთად ვარ. თერთმეტსართულიანში ვიყავით ერთ-ერთ მეგობართან შეკრებილი. მომდევნო ფოტო კი ჩემზე პირველი გადაცემის მომზადების დროსაა გადაღებული. "იავნანა" ერქვა გადაცემას. მახსოვს, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მედეა ძიძიგურმა პირველად იმღერა ჩემი სიმღერა და ძალიან გამიხარდა. მაშინ ჩემს სიმღერას "ცისფერი ტრიოც" მღეროდა.

-  შემდეგ ფოტოზე გვიამბეთ.

-  ძალიან კარგი სურათი მაქვს გადაღებული ძია მიშასთან, მიხეილ ჭიაურელთან. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. ძია მიშას კარგად ვიცნობდი. მისგან უამრავი სიმღერა მაქვს ნასწავლი. კარგად მღეროდა. რუსული და ქართული რომანსები იცოდა და ამასთან ერთად, საოცრად კარგი გადმოცემის ნიჭი ჰქონდა. იმ პერიოდში მე უკვე ვწერდი ფილმებისთვის და მულტფილმებისთვის მუსიკას. მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა ძალიან რთულია. ხან სევდიანი უნდა იყოს მუსიკა, ხან მხიარული. ძია მიშა მაშინ მულტფილმებზე მუშაობდა. მონახაზს მომცემდა ხოლმე სიმღერისთვის. მერე თავისი არაჩვეულებრივი კალიგრაფიით დაწერილი ლექსები მომცა, რომელიც წლების მერე სოფიკოს ვაჩუქე ძია მიშას მუზეუმისთვის.

-  რამდენი შვილიშვილი გყავთ?

-  ორი, ნინუცა და სოფიკო. მომდევნო ფოტოზე შვილიშვილებთან ერთად ვარ.

-  რომელიმე მღერის?

-  ნინუცა მღერის. "ნუცას სკოლის" ფინალისტიც იყო. მერე "იმედის ტალღაშიც" მონაწილეობდა. ახლა მერიასთან არსებულ ორკესტრში ერთ-ერთი სოლისტია.

-  როგორც ინტერვიუმდე მითხარით, შვილთაშვილიც გყავთ, როგორ ფიქრობთ, ის მომავალი მომღერალია? მომდევნო ფოტო მასთან ერთად გაქვთ გადაღებული.

-  ნიკუშა ჯერ ძალიან პატარაა. ცოტა ხნის წინ რაღაც მელოდიას ვუკრავდი და ისიც ამყვა. შეიძლება, მომავალი კომპოზიტორიცაა, ჯერ ვერ გეტყვით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს